დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩია: “მანჩესტერ სიტი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. გუნდებისთვის მდგომარეობა განსხვავებულია – “რეალი” თუ აღნიშნულ ეტაპზე 27-ედ თამაშობს, “სიტის” ლიგის ნახევარფინალში არასდროს უთამაშია.
თუმცა, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია – ინგლისელებს უკანასკნელი 7 მატჩია არ წაუგიათ, ხოლო “რეალმა” მიჯრით ხუთი თამაშის მოგება მოახერხა. ზინედინ ზიდანს სასიხარული იფნორმაცია აქვს: დღეს თამაშს შეძლებს პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც “ვილიარეალთან” შეხვედრაში დაშავდა და ამის გამო ლა ლიგის ბოლო ტური “რაიო ვალეკანოსთან” გამოტოვა.
იმავე “რაიოსთან” შეუძლოდ იგრძნო თავი ქარიმ ბენზემამ და მისი თამაში დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. სხვა მხრივ, “სამეფო კლუბი” “ეტიჰად სთედიუმზე” საბრძოლო შემადგენლობით იქნება. “სიტის” კი ერთთვიანი უქმობის მერე ერთბაშად ორი წამყვანი ფეხბურთელი ვინსენ კომპანი და რაჰიმ სტერლინგი დაუბრუნდა. ერთადერთი დანაკლისი იაია ტურეა – კოტ დივუარელს კუნთის პრობლემა აწუხებს.
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში “სიტიმ” “სტოკ სიტი” 4:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილი გაიმყარა. ახლა, “ქალაქელები” მესამე-მეოთხე პოზიციას ლონდონის “არსენალთან” ერთად იყოფენ. მადრიდის “რეალს” კი, ესპანეთში გაცილებით მაღალი ამბიციები გააჩნია: “სამეფო კლუბი” “ბარსელონასა” და “ატლეტიკოსთან” ერთად იბრძვის სამშობლოში უძლიერესის სახელის დასაგდებად. თუმცა, გასულ უიქ-ენდზე ზიდანის გუდნმა კინაღამ ოქროს ქულები გაანიავა მადრიდულ დერბიში “რაიოსთან”. მასპინძლები ორბურთიანი ფორით იგებდნენ, მაგრამ გარეტ ბეილმა “რეალს” 3:2 მოაგებინა.
მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ეს ნახევარფინალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ყოველთვის არ ვთამაშობთ. ბიჭები კარგ მდგომარეობაში არიან. ყველა ჩვენგანს სურს, რომ მოდევნო ეტაპზე გავიდეთ. მე კი, მინდა, ვიხილო გუნდი, რომელიც მოგებაზე ითამაშებს.
დაცვით ფეხბურთს არ ვითამაშებთ. ცხელი გულით უნდა ვითამაშოთ, თუმცა ამასთან, ცივითაც. ემოციები კი, აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ”.
ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ – ეს, ჩვენი მენტალიტეტია. ჩვენ დღევანდელი მატჩისთვის მზად ვართ, ვეთამაშებით უძლიერეს გუნდს, მათი ფეხბურთელები სწრაფები არიან და ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ.
რონალდუ და ბენზემა? – იდეაში ისინი ითამაშებენ. იმედია, კარგად იქნებიან, მაგრამ ტესტი ჯერ კიდევ უნდა გაიარონ.
როგორ შევაჩერებთ კეინ დე ბრუინს? – ვიცით, რომ იგი ტოპ მოთამაშეა და საუკეთესო ფორმაშია. “სიტიში” მან თავისი ნამდვილი ხარისხი აჩვენა. დე რბუინი და სერხიო აგუერო ერთად ბრწყინვალენი არიან. ვნახოთ, რა მოხდება დღეს”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, ოტამენდი, კომპანი, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი, დე ბრუინი, სილვა; აგუერო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ბეილი, ხესე, რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
“მანჩესტერ სიტი” ნახევარფინალში პირველად თამაშობს. მადრიდის “რეალი” კი 27-ედ და ეს სარეკორდოა მაჩვენებელია. აქამდე “ბლანკოსს” 26 მცდელობიან ფინალში გასვლა 13-ჯერ მოუხერხებია. შარშან იგი ამავე ეტაპზე ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა.
ისე კი, “სიტი” ევროტურნირების ნახევარფინალში მესამედ გავიდა. ბოლოს ის საუკეთესო ოთხეულში შორეულ 1970 წელს გახლდათ, როდესაც თასების თასზე გელზენკირეხნის “შალკესთან” ორი მატჩის ჯამში 2:5 დამარცხდა.
მთლაინად ევროასპარეზზე “რეალი” 32 ნახევარფინალს ითამაშებს. 17 შემთხვევაში იგი ფინალში გავიდა, ხოლო დანარჩენ 14 ჯერზე წააგო. ჩემპიონთა ლიგაზე კი მიჯრით მეექსვედაა ოთხეულში. აქედან ფინალში თამაში ერთადერთხელ მოახერხა 2014 წელს, როდესაც “ბაიერნის” ბარიერი დაძლია.
პრეცედენტი
ოფიციალურ მატჩებში ეს გუნდები ერთმანეთს 20120-2013 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მაშინ, მადრიდში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს კრიშიტანუ რონალდუმ კი 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. არადა, მანამდე მთლი თამაში სტუმრები იგებდნენ. 2012 წლის 18 სექტემბერს, გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
“რეალი”: კასილიასი, არბელოა, პეპე, ვარანი, მარსელო, ხედირა (მოდრიჩი 73), ჩაბი ალონსო, დი მარია, ესიენი (იოზილი 65), რონალდუ, იგუაინი (ბენზემა 73)
“სიტი”: ჰარტი, მაიკონი (ზაბალეტა 74), კომპანი, ნასტასიჩი, კლიში, ხავი გარსია, ტურე, ბერი, სილვა (ჯეკო 63), ნასრი (კოლაროვი 37), ტევესი
საპასუხო მატჩი კი 21 ნოემბერს, მანჩესტერში ფრედ – 1:1 დასრულდა:
“სიტი”: ჰარტი, მაიკონი, ზაბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი (ხავი გარსია 46), ნასრი, (ტევესი 60), ტურე, სილვა, აგუერო (მილნერი 88), ჯეკო
“რეალი”: კასილიასი, არბელოა, რამოსი, პეპე, კოენტრაუ, ხედირა, ჩაბი ალონსო, დი მარია (ალბიოლი 87), მოდრიჩი (კალეხონი 68), რონალდუ, ბენზემა (ვარანი 75)
მაშინ, “რეალი” ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა დორტმუნდის “ბორუსიის” შემდეგ, ხოლო “სიტიმ” ასპარეზობა ბოლო პოზიციაზე დაასრულა.
სხვადასხვა
“სიტი”
მერვედიფნალში კიევის “დინამოსთან” (3:1) მოგება პირველი იყო ინგლისური გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე. უკრაინელებს “ქალაქელებმა” პსჟ-ც ზედ მიაყოლეს.
მიმდინარე სეზონში მანუელ პელეგრინის გუნდმა საკუთარ მოედანზე ხუთიდან სამი თამაში მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და ტურინის “იუვენტუსთან” (1:2) წააგო.
“სიტიმ” წლეულს ჯგუფში ერთი ესპანური გუნდი უკვე დაამრცხა. კერძოდ, “სევილიას” შინაც მოუგო და სტუმრადაც – 2:1, 3:1.
მანჩესტერელთა ბალანსი საკუთარ კედლებში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. მთლიანობაში კი, 5 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება.
პლეი-ოფში კი “სიტის” პირინელებთან თამაში სულ ოთხჯერ მოუწია და შემდეგ ეტაპზე ერთადერთხელ გააღწია.
თუ “სიტი” ნახევარფინალში აქამდე არასდროს ყოფილა, აქ თამაშის გამოცდილება გააჩნია მათ თავკაც მანუელ პელეგრინის. ჩილელის გაწვრთნილი “ვილიარეალი” 2006 წელს ამავე ეტაპზე “არსენლათან” დამარცხდა (0:1).
“რეალი”
მიმდინარე სეზონში “რეალმა” გასვლაზე 5 მატჩიდან სამში იმარჯვა. ერთხელ ფრედ ითამაშა, ხოლო “ვოლფსბურგთან” წააგო.
“სამეფო კლუბმა” შარშან სტუმრად “იუვენტუსთან” წააგო და ეს იყო 12 გასვლით შეხვედრაში ერთადერთი მარცხი, სანამ ზინედინ ზიდანის გუნდი “ვოლკსვაგენ არენაზე” დამარცხდებოდა.
მადრიდულ გრანდს ინგლისში ბოლო სამი სტუმრობა წარმატებით აქვს დასრულებილი – “ტოტენჰემთან” (2010/11, 1:0), “მანჩესტერ იუნაიტედთან” (2012/13, 2:1) და “ლივერპულთან” (2014/15, 3:0).
საერთოდ კი უკვე რვა თამაშია ალბიონელებთან აღარ წაუგია (6 მოგება, 2 ფრე). ბოლოს “რეალი” 2009 წელს, “ენფილდ როუდზე” დამარცხდა 0:4.
ინგლისური გუნდების ბარიერი ესპანელებმა პლეი-ოფში 7-ჯერ დაძლიეს, ოთხჯერ კი ვერ.
ინგლისში მისი ბალანსია ასეთია: 6 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება. მთლიანობაში კი ინგლისურ გუნდებთან შემდეგნაირი: 13 მოგება, 9 ფრე, 10 წაგება.
ფეხბურთელები და მწვრთნელები
მანუელ პელეგრინი 2009-2010 წლების სეზონში “რეალს” ედგა სათავეში და ლა ლიგაში კლუბის რეკორდი დაამყარა 96 ქულის მოპოვებით, მაგრამ სეზონი “ბარსელონას” შემდეგ მაინც მეორე ადგილზე დაასრულა. ალბათ, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოთი მისი ჩანაცვლების. ჩემპიონთა ლიგაზე კი პელეგრინის “რეალი” მერვედფინალში “ლიონთან” დამარცხდა (1:2).
პელეგრინი “რეალის” დღევანდელი ფეხბურთელებიდან რონალდუს, სერხიო რამოსს, პეპეს, მარსელოს, ბენზემასა და არბელოას ავარჯიშებდა.
ჩილელი 2004-2009 წლებში “ვილიარეალს” წვრთნიდა და 2007-2008 წლების სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე გაიყვანა. “ყვითელი სუმბარინა” მაშინ სწორედ “რეალს” ჩამორჩა. 2010-2013 წლებში კი “მალაგას” დამრიგებელი გახლდათ. “რეალთან” პელეგრინის ბალანსი ასეთია: 3 მოგება, 5 ფრე, 10 წაგება.
რონალდუ 2004-2009 წლებში “სიტის” მოსისხლე მტერ “იუნაიტედში” ირჯებოდა. “მანკუნიალეთა” მაისურით ინგლისში პორტუგალიელმა 196 მატჩში 84 გოლი შეაგდო. კრიშტიანუმ “სიტისთან” 7 თამაში მოიგო, 3 წააგო, ერთხელ კი დაზავდა. სხვათა შორის, იგი მანჩესტერულ დერბიში ორჯერ გააძევეს, 2004 და 2008 წელს. Oრჯერვე “ეტიჰად სთედიუმზე”.
სერხიო აგუერო “ატლეტიკოს” ღირსებას 5 წელი იცავდა, მაგრამ “რეალი” არასდროს დაუმარცხებია: 3 ფრე, 8 წაგება. ისე კი, სამი გოლი მადრიდელთა კარში გაუტანია.
გარეტ ბეილმა 2012 წელს “ტოტენჰემის” შემადგენლობაში “სიტის” ერთი გოლი გაუტანა.
ალვარო არბელოას 2009 წლის თებერვალში “სიტისთან” ავტოგლი აქვს გატანილი.
სტატისტიკა
“სიტი”
“სიტი” ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 7 მატჩია არ დამარცხებულა.
სერხიო აგუერომ 16 აპრილს “ჩელსისთან” ჰეთ-თრიქი შეასრულა და პრემიერლიგაში უკვე 100 გატანილი გოლი დაუგროვდა. საიბილეო გოლი მან “ნიუკასლს” გაუტანა. კუნმა ასეთ შედეგს 147 თამაშში უწია. 147-ზე ნაკლებ მატჩში 100 გოლის გატანა ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ალან შირერმა მოახერხა.
“სიტის” რაჰიმ სტერლინგი დაუბრუნდა, რომელიც 20 მარტის მერე ლაზარეთში იმყოფებოდა.
ასევე დაბრუნდა გუნდის კაპიტანი ვინსენ კომპანი რომელიც 15 მარტის შემდეგ ვერ თამაშობდა. ბელგიელმა “ნიუკასლთან” 90 წუთი ითამაშა.
“რეალი”
კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. ღეკორდი კი 17-ია, რომელიც მასვე ეკუთვნის 2013-2014 წლების სეზონიდან.
პორტუგალიელი მეორე ადგილზეა ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორებში 31 ბურთით ლუის სუარესის შემდეგ. იგი ლა ლიგაში მინიმუმ 30 გოლის გატანას ზედიზედ 6 სეზონია ახერხებს.
თუმცა, კრიშტიანუ “ვილიარეალთან” (3:0) მატჩში დაშავდა, რის გამოც სამი დღის “რაიოსთან” შეხვედრა გამოტოვა.
გარეტ ბეილს წელს 18 გოლი აქვს გატანილი, რაც მისი “რეალში” ყოფნის დროიდან მოყოლებული საუკეთესო შედეგია. მანამდე 2013-2014 წლების სეზონში 15 გოლი გაიტანა და რეკორდი ეს იყო.
ბენზემას ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაჰქონდა, მაგრამ ეს სერია “რაიოსთან” შეწყდა, სადაც მან მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. ბეილისა არ იყოს, მიმდინარე სეზონში ის შედეგიანია: 23 გოლი ლა ლიგაში, რაც ქარიმის მადრიდულ კარიერაში 2009 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი შედეგია.
“რეალი” ერთადერთი გუნდია, რომელიც მიჯრით 6 სეზონია ლა ლიგაში მინიმუმ 100 გოლის გატანას ახერხებს.
“სამეფო გუნდს” ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ ცხრა თამაშია აქვს მოგებული. ამ მხრივ სარეკორდოა კარლო ანჩელოტის დროინდელი გუნდი სერია 2014 წელს – 12 მოგება.