ფეხბურთი

19:18 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია

“რომა” – “ნაპოლი”, 89-ე წუთი, მასპინძლები შესანიშნავ კომბინაციას ათამაშებენ მეტოქის საჯარიმოსთან, მოჰამედ სალაჰი იქვე მდგომ რაჯა ნაინგოლანის დასარტყმელად ბურთს უგორებს, ბელგიელიც არ უფიქრდებდა ტყავის სფეროში კარში გზავნის, პეპე რეინას ნახტომი ამაოა და ტურინის “იუვენტუსი” ოფიციალურად 2015-2016 წლების იტალიის ჩემპიონია.

მართალია, “იუვემ” 35-ე ტურის თამაში გუშინ ჩაატარა (მოიგო), მაგრამ სკუდეტოს ოფიციალურად ახლახან დაეპატრონა. ასე რომ მომხდარიყო, “ნაპოლის” “სტადიო ოლიმპიკოზე” ვერ უნდა მოეგო და მოგებას ვინ ჩივის საერთოდ უქულოდ დარჩა. “ბებერმა ქალბატონმა” სამშობლოში მიჯრით მეხუთედ იპირველა, რაც გასული საუკუნის 30-იანი წლების მერე ვერ მოეხერხებინა. უფრო ფასეული ხდება აღნიშნული წარმატება იმის ფონზე, რომ “იუვე” პირველი ათი ტურის მერე 4 წაგებით, სატურნირო ცხრილის მეორე ათეულში იყო, მაგრამ მას მერე 25 თამაშიდან 24 მოიგო და იჩემპიონა. თანაც, გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე. “ნაპოლის” ოცნება კი სამომავლოდ გადაედო.

ახლა მაურიციო სარის გუნდის მიზანი უკვე ჩემპიონობა კი არა, მეორე ადგილის შენარჩუნებაა. “რომასთან” მარცხი ნეაპოლიტანური გუნდისთვის არამარტო სკუდეტოს გამო ფასობდა. მოგეხსენებათ, მეორე ადგილი საშუალებას იძლევა გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ თამაშის და “ნაპოლის” ერთადერთი და უშუალო კონკურენტი სწორედ “ჯალორისია”. ახლა, სამი ტურია დარჩენილი და “აძური” დედაქალაქურ გუნდს მხოლოდ ორი ქულით უსწრებს. მოკლედ, სარის გუნდისთვის დღევანდელი შეხვედრა ორმაგად მტკივნეული გამოდგა და ვინ იცის, იქნებ მთლიანად სეზონის ჩაგდების მიზეზიც გახდეს.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მთლიანობაში თანაბარი თამაში იყო, უფრო ფრე იქნებოდა ლოგიკური შედეგი, მაგრამ განგებამ ინება, რომ მეორე ადგილისთვის ბრძოლა ბოლო ტურებისთვის განსაკუთრებულად დაეძაბა და ახლა გულშემატკივრებს წინ მეტად საინტერესო დაპირისპირებები ელით. შეზონის ფინიშს რომ შვენის, ზუსტად ისეთი – “იუვენტუსი” კი იტალიის ჩემპიონი 32-ედ გახდა. ეს, ოფიციალურად ქაღალდზე, თორემ თუ ტურინული გრანდის ტიფოზებს კითხვათ, 34-ედ. და მაინც, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ “ბებერ ქალბატონს” უკვე 5 წელია აპენინზე ბადალი არ მოეძებნება.

“რომა” – “ნაპოლი” 1:0 (0:0)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 34 000

“რომა” (4-3-1-2): შჩესნი; ფლორენცი (მაიკონი 46), მანოლასი (ძუკანოვიჩი 21), რიდიგერი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა; სალაჰი, პიანიჩი, ელ შაარავი (ტოტი 81); პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (დავიდ ლოპესი 79), ჟორჟინიო (გაბიადინი 90), ჰამშიკი; კალეხონი, იგუაინი, მერტენსი (ინსინიე 75)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 1:0 ნაინგოლანი (89)

გაფრთხილება: პიანიჩი (38), რუდიგერი (47) – გულამი (41), კულიბალი (41), მერტენსი (70), ჟორჟინიო (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

0.262099