ფეხბურთი

16:47 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

ოდესის “ჩერნომორეცის” ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. Ua-football.com-ის ვერსიით, ეს საიტი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია უკრაინაში. ხოჭოლავა პირველად მოხვდა ტურის სიმბოლურში და საინტერესოა, რომ თავი დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ გამოიჩინა. “ჩერნომორეცი”-შახტარი” 1:1 დასრულდა.

“ქართველს პირველივე წუთებიდან კარგად წაუვიდა თამაში, ამოცანას თავი კარგად გაართვა და დონეცკელთა შემტევებს რეგულარულად უგებდა ორთაბრძოლებს, კარგი იყო დასწრებაზე და ართმევაზე. იერიშებშიც ერთვებოდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გოლის გატანაც შეეძლო: ოდნავ ააცილა პიატოვის კარს” – წერს უკრაინული საიტი.

23 წლის ხოჭოლავა შარშან ზაფხულს ქობულეთის “შუქურადან” გადავიდა “ჩერნომორეცში”. ის “საბურთალოს” აღზრდილია, შემდეგ კი თამაშობდა თბილისის “დინამოში”, რუსთავის “მეტალურგში”, ფოთის “კოლხეთში” და გასულ სეზონში – “შუქურაში”.

0.122771