თბილისის “ვითას” მცველი ირაკლი ჩლაიძე ვთბ-ლიგის 2015-16 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ კალათბურთელად აღიარეს. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
ვთბ-ლიგის ხელმძღვანელობა შეჯიბრში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელთაგან საუკეთესოებს უკვე მე-4 წელია ასახელებს. შეგახსენებთ, რომ ქართულმა კლუბმა ვთბ-ლიგაში პირველად ითამაშა, ამდენად, ლატვიელი, ესტონელი, ბელარუსი, ჩეხი, ყაზახი, ფინელი და რუსი კალათბურთელების გვერდით, ქართველიც გამოარჩიეს.
ჩლაიძემ ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 26.3 წუთში კი 9.4 ქულას, 1.9 მოხსნას, 1.1 პასს აგროვებდა. მისი მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 4.8-ს უტოლდებოდა.
“მადლობელი ვარ ასეთი აღიარებისთვის. ისეთ ძლიერ ჩემპიონატში, როგორიც ვთბ-ლიგაა, ეს, ჩემი პირველი სეზონი იყო. ნამდვილი გამოწვევაა, როდესაც ცსკა-ს, “ხიმკის” და ყუბანის “ლოკომოტივის” დარ გრანდებს ეთამაშები. მინდა, თანაგუნდელებს და “ვითას” ქომაგებს მადლობა გადავუხადო”, - განუცხადა ჩლაიძემ ვთბ-ლიგის ვებ-გვერდს.