კალათბურთი

22:27 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის სუპერმატჩი კანარის კუნძულებზე

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა. “მორაბანკ ანდორას” ქართველმა ცენტრმა “გრან კანარიასთან” გასვლით შეხვედრაში გაიბრწყინა, თუმცა, გუნდი მარცხისგან (85:98) მაინც ვერ იხსნა.

კანარის კუნძულებზე გამართულ თამაშში შერმადინი ანდორელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:26 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა 12-დან 10 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ისიც ვთქვათ, რომ გიორგის აქტივში 4 “ჩატენვა” ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი სტუმრებმა მასპინძლებზე 6 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც ანდორელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ მონაცემების წყალობით, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 34-ს უწია, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა და მთლიანად ტურის რჩეულებშიც გაერია.

შერმადინს კონკურენტები ტრავმირებული თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” და “ფუენლაბრადას” უხვქულიანი მატჩიდან ჰყავდა, რომელიც ბასკებმა 108:97 მოიგეს.

ამ შეხვედრაში შეუჩერებელი გახლდათ სტუმართა ამერიკელი გამთამაშებელი დარიუს ადამსი, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო, ხოლო “ფუენლაბრადას” ხორვატმა ლეგიონერმა მარკო პოპოვიჩმა 36 ქულა ჩააგდო.

ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, პოპოვიჩის სარგებლიანობის კოეფიციენტი 45-ს (!) გაუტოლდა და ის ტურის საუკეთესო მოთამაშედ იქცა, შერმადინი მე-2 იყო, ადამსი (კოეფიციენტი 33) კი სუპერშედეგიანობის მიუხედავად, მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა.

“მორაბანკ ანდორას” 11 მოგება და 18 მარცხი მოუგროვდა და უკვე ცხადია, რომ საპლეიოფო რვეულში გასვლას ვერ მოახერხეს. შერმადინის კლუბი მე-12 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 გამარჯვებით უსწრებს და ისიც ნათელია, რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება.

1 მაისს “მორაბანკ ანდორა” ბადალონას “ხუვენტუტს” უმასპინძლებს, “ლაბორალ კუჩა” კი, რომელიც 20 მოგებით მე-4 ადგილზეა, აუტსაიდერ ”გიპუსკოა ბასკეტს” დაუხვდება.

0.144044