რუსულ პრემიერლიგაში მოსკოვის “სპარტაკმა” 2:2 დაასრულა მატჩი “მორდოვიასთან”. მოსკოველთა შორის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ჯანო ანანიძემ, თუმცა მოედანზე გამორჩეული არ ყოფილა. “მორდოვიას” მეკარე ნუკრი რევიშვილს კი გაშვებულ გოლებში ვერ დასდებენ ბრალს, პირიქით, რთული ბურთები მოიგერია. რევიშვილის თანაგუნდელი მამუკა კობახიძე სათადარიგოებში გახლდათ. “სპარტაკი” მეშვიდე ადგილზეა, ხოლო “მორდოვია” – ბოლოსწინაზე.
სოლომონ კვირკველიას “რუბინმა” შინ 0:1 წააგო “ტერეკთან” და ცხრილის შუაში, მეცხრე პოზიციაზეა. კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. “ტერეკის” განაცხადში კი თედო გრიგალაშვილი არ ყოფილა. მას პრემიერლიგაში ჯერ არ უთამაშია.
ჩეხეთში “სლავია” 2:2-ზე გაეყარა “ტეპლიცეს” და მეხუთე ადგილზეა. ლევან ყენია 87-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე.
კვიპროსზე ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისმა” სტუმრად 2:3 წააგო აეკ ლარნაკასთან და მეხუთე ადგილზეა. მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, გაფრთხილებაც მიიღო.
პოლონეთში ლადო დვალიშვილის “პოგონმა” შინ 1:0 სძლია პოზნანის “ლეხს” და მესამე ადგილზეა. დვალიშვილმა 90 წუთი ითამაშა. ლადოს პირველივე წუთებზე შეეძლო გატანა, მაგრამ ახლოდან დარტყმული მეკარემ აუღო. იმარჯვა ლაშა დვალის “შლიონსკმაც”, რომელმაც სტუმრად 2:1 აჯობა “პოდბესკიძიეს” და ქვედა რვა გუნდს შორის მეორე პოზიციაზეა. საერთოდ, “შლიონსკი” წლეულს კარგად თამაშობს და დვალიც გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია. ამჯერად ქართველი მცველი სასტარტოში არ იყო (წლეულს პირველად მოხდა) და მეორე ტაიმში სრულად ითამაშა.
სლოვაკეთში “მიხალოვცემ” სტუმრად ქულა აიღო “რუჟომბეროკთან” (0:0) და ბოლოსწინა ადგილზეა, ლიგიდან კი ერთი გუნდი ვარდება. “მიხალოვცეს” შემადგენლობაში აკაკი ხუბუტია ტრავმის გამო არ გამოჩენილა და სავარაუდოდ, მომდევნო ტურში ითამაშებს.
ასევე ტრავმის გამო, “ლიაგოსტერა”-“ხიმნასტიკის” შეხვედრაც გაუცდა გიორგი აბურჯანიას. მატჩი 1:1 დასრულდა და “ხიმნასტიკი” ესპანეთის სეგუნდაში მესამე ადგილზეა. აბურჯანიას კოჭი სტკივა, თუმცა შესაძლოა, მომდევნო ტურში ითამაშოს.
უკრაინაში “ჩერნომორეცი”-“შახტარი” 1:1 დასრულდა. ოდესელთა შორის შეუცვლელად გაისარჯა დავით ხოჭოლავა, ხოლო გიორგი გადრანი განაცხადში არ იყო. “შახტარს” რაც შეეხება, გიორგი არაბიძემ 21-წლამდელთა გუნდში ითამაშა და გოლიც გაუტანა “ჩერნომორეცს”. ამაზე უკვე გვეწერა. “ჩერნომორეცი” ბოლოდან მეოთხე საფეხურზეა და გავარდნა არ ემუქრება, “შახტარი” კი მეორეზეა და სავარაუდოდ, ჩემპიონობას ვეღარ შესწვდება.