ფეხბურთი

10:47 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

XXVI ტურის ინტრიგა: “დინამო” ჩემპიონობას ფოთში გაიფორმებს?

საქართველოს უმაღლესი ლიგის XXVI ტური დღეს სტარტს ხუთი მატჩით აიღებს და კვირას დასრულდება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩვენს ქვეყნის ჩემპიონი სწორედ კვირას გაირკვეს. თუ “დინამო” თავის მატჩს მოიგებს, ხოლო პარალელურად მეორე ადგილოსანი “სამტრედია” ქულებს დაკარგავს, “დინამო” საქართველოს ჩემპიონი მე-16-ედ გახდება.

“დილა” – “საპოვნელა”

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”

23 აპრილი, 16:00 საათი

თუმცა, სანამ ეს მოხდება, მანამდე გორის “დილა” საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. შიდა ქართლელები 26-ე ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ თერჯოლის “საპოვნელას” წინააღმდეგ. ორივე გუნდს თავ-თავიანთი ამოცანები აქვთ. გორელები ევროზონაში მოსახვედრად იბრძვიან და ამჟამად “სამტრედიას” სამი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ უკნიდან მდევართა სუნთქვასაც გრძნობენ, რადგან იქვე არიან “სიონი” და “ჩიხურა”. თავის მხრივ, იმერული გუნდი არათი გასავრდნ ზონაშია, არამედ ბოლო ადგილზეა. Gასულ კვირაში მთავარი თემა მირიან გეწაძის კომენტარი იყო ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით – როგორც მან თქვა, ყველამ კარგად იცის თუ ვის აწყობს მისი გუნდის გავარდნა...

ამ გუნდთა ურთიერთშეხვედრების საკმაოდ მწირია და იგი მხოლოდ ერთ თამაშს იტევს – პირველ წრეში ჩემპიონმა ახალბედა მეტოქეს ადვილად აჯობა – 5:1. რაც შეეხება ბოლო მატჩებს, განსაკუთრებით კარგად ვერცერთი გამოიყურება, მაგრამ “საპოვნელას” მდგომარეობა ამ მხრივ უფრო სავალალოა: 5 მოუგებელი მატჩი (4 ფრე, 1 წაგება). “დილამ” უკანასკნელ 5 შეხვედრაში ორჯერ წააგო, მათ შორის ბოლო ტურში “შუქურასთან”. აღსანიშნავია, რომ სტუმრები გორში სერიოზული დანაკლისით ჩადიან: დისკვალიფიკაციის გამო “თენგიზ ბურჯანაძეზე” გამოცდილი მოთამაშეები, თენგიზ ჩიკვილაძე და დავით ბოლქვაძე ვერ ითამაშებენ.

მსაჯი: ლ. სილაგავა

დისკვალიფიცირებულნი: ჩიკვილაძე, ბოლქვაძე (ორივე “საპოვნელა”)

“მერანი” – “საბურთალო”

მარტვილი, “მურთაზ შენგელია”

23 აპრილი, 16:00 საათი

მარტვილის “მერანი”, რომელიც გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის, შინ თბილისის “საბურთალოს” დაუხვდება. მეგრელები წაუგებელი სერიის გაგრძელებას გეგმავენ – “მერანს” უკვე ხუთი თამაშია არ წაუგია, მაგრამ მოგებაც უჭირს – 1 გამარჯვება. თავის მხრივ, იგივე ამოცანა აქვს დასახული თბილისურ გუნდსაც. უმაღლესი ლიგის დებიუტანტებს უკვე 6 მატჩია მოედანი უქულოდ არ დაუტოვებიათ, რის შედეგადაც სამშვიდობოს საბოლოოდ გავიდნენ. შეხვედრას ცალსახად მასპინძელთათვის გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს.

თანაც, “მერანს” პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აქვს ასაღები – გასული წლის 7 ნოემბერს, “საბურთალომ” 4:2 მოიგო და ამ გუნდთა ურთიერთთამაშების ისტორია გახსნა.

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

“ზუგდიდი” – “ლოკომოტივი”

ზუგდიდი, “ცენტრალური სტადიონი”

23 აპრილი, 16:00 საათი

მნიშვნელოვანი მატჩია სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ზუგდიდშიც. ადგილობრივი გუნდი, რომელიც გასავარდნ ზონაშია, თბილისის “ლოკომოტივს” დაუხვდება, რომელსაც თავის მხრივ უკეთესი მდგომარეობა აქვს, მაგრამ არცთუ ისე. მათ შორის ქულათა განსხვავება მხოლოდ შვიდს შეაგდენს და მასპინძლებმა რომ მოიგონ, სიტუაციას ოდნავ გამოასწორებენ.

პირველ წრეში უფრო ძლიერი “ლოკო” გამოვიდა და მეტოქეს იოლად, 3:0 მოუგო. საერთოდ კი, მათ ურთიერშეხვედრებს თუ გადავხედავთ, თითქმის თანაფარდობაა: 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება დედაქალაქური გუნდის სასარგებლოდ. ვნახოთ, შეძლებს თუ არა “ზუგდიდი” მესამე მატჩის მოგებას. ბოლო პერიოდში გუნდები თითქმის ერთნაირად თამაშობენ – “ლოკომოტივს” 4 მატჩია არ წაუგია (3 ფრე, 1 მოგება), ხოლო მეგრელებმა ბოლო ხუთ ტურში 7 ქულა დააგროვეს, რაც მანამდე ნაჩვენებ შედეგთან შედარებით, აშკარად პროგრესია.

მსაჯი: ბ. ნინუა

დისკვალიფიცირებულნი: სიხარულია, ლაშხია, ჯავაშვილი (სამივე “ზუგდიდი”)

“დინამო” (ბათუმი) – “შუქურა”

ქობულეთი, “ჩელე არენა”

23 აპრილი, 16:00 საათი

თურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა “ჩელე არენაზეა” დაგეგმილი, სადაც აჭარული დერბია. მართალია, მატჩს ქობულეთი მასპინძლობს, მაგრამ მასპინძლის როლში ბათუმის “დინამო” იქნება. ისიც სათქმელია, რომ სატურნირო ცხრილის მხრივ ეს მატჩი ბევრს არაფერს არკვევს, მაგრამ დერბი, დერბია. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი ბოლო პერიოდში საშინლად თამაშობს და მიჯრით ხუთჯერ დამარცხდა. “დინამომ” ბოლოს გამარჯვება 13 მარტს, ამავე არენაზე “ცხინვალთან” (2:0) იზეიმა. მოკლედ, საკუთარი ერთგული გულშემატკივრის თვალში მათ რეაბილიტირება მართებთ და მეტოქეც ისეთი ჰყავთ, უკეთესს ვერ ინატრებდნენ.
ბათუმელებისგან განსხვავებით შედარებით უკეთეს ფორმაშია “შუქურა”. მაგალითისთვის წინა ტურში ქობულეთურმა გუნდმა შინ გორის “დილას” მოუგო, მოქმედ ჩემპიონს. ახლა უკვე იგივეს გაკეთებას ვიცე-ჩემპიონთანაც გეგმავს და თუ ეს შეძლო, მაშინ ქება ნამდვილად ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ “შუქურას” “დინამოსთვის” არ მოუგია. Gასულ სეზონში ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ერთი ბათუმელებმა მოიგეს, ხოლო პირველ წრეშიც უფრო ძლიერი “დინამო” გამოვიდა, ნომინალური სტუმრის რანგში – 1:0.

მსაჯი: დ. სანოძე

დისკვალიფიცირებულნი: ვარშანიძე (“დინამო”)

“ცხინვალი” – “გურია”

თბილისი, “მიხეილ მესხის სათადარიგო”

23 აპრილი, 16:00 საათი

დღეს კიდევ ერთი მატჩია ჩანიშნული და იგი დედაქალაქში, კერძოდ, “მიხეილ მესხის” სათადარიგო არენაზე გაიმართება – “ცხინვალი” “გურიას” დაუხვდება. კახა კაჭარავას გუნდმა პირველი წრე კარგად ჩაატარა და ვეროსაგზურისთვის პრეტენზიას საფუძვლიანად აცხადებდა, მაგრამ მეორე წრე აშკარად ჩაუვარდა და დიდი ალბათობით, ევროზონაში ვეღარ მოხვდება. როგორც ჩანს, ამ გუნდისთვის საუკეთესო ბომბარდირი ნიკა კაჭარავა მართლაც დიდი ძალა იყო. მოგეხსენებათ, ახლაგზრდა ფორვარდმა იანვარში რუსეთის პრემიერლიგის ლიდერ “როსტოვს” მიაშურა. “გურია” საშიშ ზონაშია და ქულების დაგროვებას ჰაერივით საჭიროებს. მიმდინარე კვირას სკანდალის გარეშე არც ლანჩხუთელებისთვის ჩაუვლია. როგორც ცნობილი ხდება გუნდის ბაზიდან ჩრდილოეთ ამერიკელი ლეგიონერები გაიპარნენ – ცოტა არ იყოს კომიკური სიტუაციაა.

“ცხინვალს” მეორე წრეში თამაში ჯერაც არ მოუგია: 10 თამაში, 6 ფრე, 4 წაგება. უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასთან კაჭარავას შეგირდები ერთი კვირის წინ სამტრედიაში იყვნენ, მაგრამ 3 წუთში ორი გოლი გაუშვეს და შესაბამისად, დამარცხდნენ. ბოლოს “ცხინვალმა” დეკემბრის მიწურულს “ლოკომოტივს” აჯობა (1:0). თავის მხრივ, გურულებს გამოცოცხლობა ეტყობათ და ბოლო ორ ტურში ბათუმის “დინამოსა” და “ტორპედოს” აჯობეს, რითაც 5 თამაშიანი მოუგებელი სერია სასიამოვნოდ დაასრულეს.

ურთიერთმატჩებიდან გამომდინარე თემურ მახარაძის გუნდს რევანში მართებს. “გურიას” დღევანდელი მეტოქე უკვე 4 მატჩია არ დაუმარცხებია.

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

დისკვალიფიცრებულნი: მაისაშვილი (“ცხინვალი”)

“კოლხეთი” – “დინამო” (თბილისი)

ფოთი, “პარკი არენა”

24 აპრილი, 16:00 საათი

შესაძლოა ისე მოხდეს, რომ “დინამო თბილისმა” საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ქართული ფეხბურთის აკვან ქალაქში, ფოთში გაიფორმოს. ამისათვის იურაი იარაბეკის გუნდმა ადგილობრივი “კოლხეთი” უნდა დაამარცხოს, პარალელურ მატჩში კი საჩხერის “ჩიხურას” უქომაგოს, რომელთანაც ბოლო ტურში დამარცხდა. თუმცა, მერე თასის ნახევარფინალში სრულფასოვანი რევანში აიღო და დიდი ანგარიშით მოუგო. “კოლხეთი” კი მეორე წრეში დამაჯერებელია და გავარდნის საფრთხეც ნაკლებად ემუქრება.

საერთოდ, ამ გუნდთა თამაშების ისტორია მრავალფეროვანია ამ ტურის სხვა წყვილებისგან განსხვავებით და ეს გასაკვირი არცაა. ეროვნულ ჩემპიონატში აქამდე გუნდები 54-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და “დინამო” აშკარა უპირატესობას ფლობს: 36 მოგება, 11 ფრე, 7 წაგება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა თბილისური გუნდი მეთექვსმეტედ გაჩემპიონებას “პარკი არენაზე” თუ ზეიმი ერთი კვირით, უკვე მშობლიურ “დინამო არენაზე” გადაედება.

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

დისკვალიფიცირებულნი: გურეშიძე, გიგიაური (ორივე “კოლხეთი)

“ჩიხურა” – “სამტრედია”

ივანწმინდა, “ცენტრალური სტადიონი”

24 აპრილი, 16:00 საათი

აჭარულისა არ იყოს, 26-ე ტურში კიდევ ერთი დერბია – იმერული. ივანწმინდაში, “ჩიხურა” “სამტრედიას” მასპინძლობს. ორივე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი თამაშია. “სამტრედია” მეორეა სატურნირო ცხრილში და ევროპა ლიგაზე გასვლასთან ძალზე, ძალზე ახლოსაა. Gია ცეცაძის გუნდმა მეორე წრე აქამდე დიდებულად განვლო და ოდენ ერთხელ დამარცხდა. საერთოდ, ვინც ამ გუნდის თამაში ნახა, დაგვეთანხმება, რომ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე საზრიან და გამართულ ფეხბურთს თუ არა, ერთ-ერთ ყველაზეს მაინც აჩვენებენ და სავსებით იმსახურებნ იმ პოზიციას, რომელსაც ახლა ამგრებენ. თავის მხრივ უშანსოდ არც საჩხერელები არიან: “ჩიხურა” ახლა მეხუთეა და მესამე ადგილზე მყოფ გორის “დილას” 4 ქულით ჩამორჩება. ანუ, სოსო ფრუიძის გუნდმა ქულები აღარ უნდა დაკარგოს, თორემ სიტუაციას დაიმძიმებს.

პირველ წრეში, “ეროსი მანჯგალაძეზე” სხვათა შორის, “ჩიხურამ” იმარჯვა (1:0). ისე კი, 5 თამაშში სრული თანაფარდობა: 2-2 მოგება და 2 ფრე. რაც შეეხება მიმდნარე სეზონის ბოლო მატჩებს, ორივე კარგად ატარებს – “ციხურამ” უკანსკნელ 15 შეხვედრიდან მხოლოდ 3 წააგო, ხოლო “სამტრედიამ” ბოლო 13 თამაშიდან 11 მოიგო - მშვენიერი სტატისტიკაა...

მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი

დისკვალიფიცირებულნი: სანდოხაძე (“სამტრედია”)

“ტორპედო” – “სიონი”

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

24 აპრილი, 19:00 საათი

XXVI ტური ქუთაისში, “ტორპედოსა” და ბოლნისის “სიონის” მატჩით დასრულდება. “სიონი” ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და “ჩიხურას” მსგავსად “დილას” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, საქართველოს სამგზის ჩემპიონმა მორიგი სეზონი ჩააგდო და ადგილს მხოლოდ სატურნირო ცხრილის შუაში იკავებს.

ქუთათურებმა ბოლო 7 მატჩიდან ოდენ ერთი მოიგეს და ისიც მანამდე წაუგებელ “სამტრედიასთან” “რამაზ შენგელიაზე”. ბოლო დროს მაინცდამაინც გადასარევად ვერც “სიონი” თამაშობს, რომელსაც მოგება უჭირს. თუმცა, წინა ტურში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა არმზე ჯელაძის, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა პირველი თამაში მოიგო “დინამო” ბათუმთან (1:0). “სიონი” შუაკვირაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე მცხეთაში, ქვედალიგელ “ვიტ ჯორჯიას” დაუზავდა (2:2), მაგრამ შედეგიდან და ანგარიშიდან გამოდინარე ფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვს.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში “ტორპედო” და “სიონი” აქამდე ერთმანეთს 41-ჯერ შეხვდნენ. უპირატესობა იმერელთა მხარესაა: 26 მოგება, 6 ფრე, 9 წაგება. ვნახოთ, გამოსაწორებს თუ არა, მათთან სტატისტიკას “სიონი”.

მსაჯი: ჯ. ხორავა

დისკვალიფიცირებულნი: წილოსანი, მირცხულავა (ორივე “ტორპედო”)

0.11494