ფეხბურთი

10:50 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორია - “ჩელსი”, “დეპორტივო” და ბუენოს აირესული გუნდი...

სამარის “კრილია სოვეტოვის” ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ ლონდონის “ჩელსის” მხრიდან ახლო წარსულში მის მიმართ გამოხატული ინტერესის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ საკითხზე ლორიამ “კრილიას” გულშემატკივრების მიერ სოციალურ ქსელში მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ერთ-ერთი კითხვა სწორედ “არისტოკრატთა” ინტერესს შეეხებოდა, რაც ლორიამ არ უარყო. იქვე, ისიც დაამატა, რომ გარდა “ჩელსისა”, მას სხვა გუნდებშიც შეეძლო გადასვლა, მათ შორის არგენტინაშიც სთავაზობდა ბუენოს აირესული გუნდი სამსახურს.

“მართალია, “ჩელსის” უნდოდა ჩემი დამატება. მანამდე მქონდა შემოთავაზება ლა კორუნიის “დეპორტივოსგან”, “ნოტინგემ ფორსტიდან”, “ვიტესიდან”, ლვოვის “კარპატიდან” და მოსკოვის “დინამოდან”. ასევე იყო დაინტერესება “ურაკანისგან” – ბუენოს აირესის გუნდია.

თუმცა ეს იყო წარსულში და ახლა ეს ყველაფერი აღარც მახსოვს”, - უპასუხა გიორგიმ სამარული გუნდის ერთ-ერთ ქომაგს.

შეგახსენებთ, ლორიამ გასულ ზაფხულს პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” მოაწერა კონტრაქტს ხელი, მაგრამ მალევე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება შეწყდა. “კრილია სოვეტოვში” კი სექტემბერში ჩაირიცხა და ახლა, ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილია.

0.111327