„საქართველოს რკინიგზასა“ და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ხოლო „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ მოაწერეს.
ფინანსური მხარდაჭერა გაწეული იქნება საქართველოს სუპერლიგის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის. გარდა ეროვნული ნაკრებისა მხარდაჭერა ვრცელდება 3 ასაკობრივ ნაკრებზე - 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებზე. „მხარდამხარ გამარჯვებისთვის“ - საქართველოს რკინიგზა მხარს უჭერს კალათბურთის ფედერაციას და მოუწოდებს გულშემატკივრებს უფრო მეტი ჩართულობისკენ, რადგან მნიშვნელოვანია უფრო მეტად მოხდეს კალათბურთის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია ქვეყანაში. მემორანდუმის ხელმოწერას ოფიციალური სტუმრებიც ესწრებოდნენ - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე. ხელმძღვანელები და ოფიციალური სტუმრები სიტყვით გამოვიდნენ, ხოლო ხელმოწერის შემდეგ ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა.
სუპერლიგის პრესსამსახური