სხვა

21:40 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

კრივი: I საერთაშორისო ტურნირი დკდ-ს თასზე (+VIDEO)

გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ცენტრში დღეს დასრულდა I საერთაშორისო ტურნირი საკრივო კლუბის დკდ-ს (დუნდუების კრივის დარბაზი) თასზე. შეჯიბრება 18 აპრილს დაიწყო, დღეს კი ფინალური ორთაბრძოლები გაიმართა.

„სასიხარულოა, რომ თბილისში საერთაშორისო კრივი დაბრუნდა. რამდენიმე წელიწადი ისე გავიდა, რომ ჩვენ საერთაშორისო შეჯიბრებას ვერ ვუმასპინძლეთ, თუმცა ამჯერად ყველაფერი შეიცვალა და ეს მხოლოდ მისასალმებელია. მიხარია, რომ ჭაბუკმა მოკრივეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს და რა თქმა უნდა ორგანიზატორებს. მათი ძალისხმევით, კრივის გულშემატკივრებმა შესანიშნავი შეჯიბრება იხილეს. ცხადია, უღრმესი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს”, - განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა, სახელოვანმა ქართველმა მოკრივემ დავით კვაჭაძემ.

ფინალურ შეხვედრებს საკონცერტო ნომრები უსწრებდა წინ, გამარჯვებულები და პრიზიორები კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და ვეტერანმა ქართველმა მოკრივეებმა დააჯილდოვეს.

„ეს საერთაშორისო შეჯიბრება პირველია ბოლო წლებში და ორგანიზატორებისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. საგულისხმოა, რომ ტურნირი კერძო კლუბის მიერაა ორგანიზებული და ეს ორმაგად დასაფასებელია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა დკდ-ს მესვეურებმა მომავალ წელსაც შეძლონ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრების მოწყობა”, - აღნიშნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

დკდ-ს I საერთაშორისო ტურნირში ხუთი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა: რიგნზე საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უზბეკეთის ასზე მეტი ჭაბუკი მოკრივე გავიდა. მედლების კომპლექტი 13 წონით კატეგორიაში გათამაშდა. გამარჯვებულებს და პრიზიორებს დიპლომები და თასები გადაეცათ. დღის პირველ ფინალში, უმჩატესი, 46 კგ, წონით კატეგორიაში დავით გვასალიამ ყაზახი მეტოქე დაამარცხა!

„შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ ჩატარდა და მიხარია, რომ ჩვენი მოკრივეები ამ ტურნირს კარგად მომზადებულები შეხვდნენ. მთავარია, რომ მათ ამ საერთაშორისო შეჯიბრებით დიდი გამოცდილება მიიღეს, რაც მათ მოახლოებული დიდი ტურნირების წინ აუცილებლად წაადგებათ. მოგეხსენებათ, ჭაბუკ მოკრივეებს უახლოეს მომავალში ევროპის ჩემპიონატი ელით და ვიმედოვნებ, კონტინენტის პირველობაზეც წარმატებულად იასპარეზებენ”, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ.

იხილეთ შედეგები:

46 კგ.

დავით გვასალია (საქართველო)

48 კგ.

ახმეტ ბუნედჟონი (უზბეკეთი)

50 კგ.

ისაელ ისმაილი (სერბეთი)

52 კგ.

ასიზეკ ჟარკინზეკი (ყაზახეთი)

54 კგ.

გია თოთლაძე (საქართველო)

57 კგ.

ვაჟა მელაძე (საქართველო)

60 კგ.

აზაკ ასანაოვა (ყაზახეთი)

63 კგ.

ერმახინ შაკპეკოვი (ყაზახეთი)

66 კგ.

ზურაბ მენაბდიშვილი (საქართველო)

70 კგ.

ბუკენ პარმეგხაი (ყაზახეთი)

75 კგ.

სეგენდიკ ტორგარზაი (ყაზახეთი)

80 კგ.

ალბეკ ორაკბაი (ყაზახეთი)

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.210475