გიორგი ცინცაძის “რუენმა” საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში 25-ე მარცხი განიცადა და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მომავალი სეზონისთვის ქვედა ლიგაში თამაში მოუწევს.
რუენელები ბოლო შეხვედრებში ფავორიტებს დიდ წინააღმდეგობას კი უწევენ, თუმცა, ეს შედეგზე არ აისახება. ქართველი უკანახაზელის გუნდი ამჯერად “ლიმოჟს” დაუხვდა და 94:99 წააგო.
მასპინძელთა თავკაცმა რემი ვალინმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ 7 კალათბურთელი დატვირთა, თანაც, ერთ-ერთი მათგანი მოედანზე მხოლოდ 2 წუთით გავიდა, ამდენად, მატჩის მთელმა სიმძიმემ ექვს მოთამაშეზე გადაიარა.
სამწუხაროდ, მათ შორის არ ყოფილა ცინცაძე, რომელმაც მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი დუეინ ოლივერი იყო 27 ქულით, კოტ’დივუარელმა სულეიმან დიაბატემ 24 ქულა მიითვალა, ხოლო ფრანგმა გერშონ იაბუსელემ 22 ქულა ჩააგდო.
“რუენი” მხოლოდ 5 მოგებით ბოლოსწინა მე-17 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 23 აპრილს, სტუმრად, “შოლესთან” ჩაატარებს.