ქართველმა მოჭადრაკე ლევან ფანცულაიამ (2604) დუბაის საერთაშორისო ტურნირის პრიზიორთა შორის მოხვედრის შანსი ბოლო ტურში დაკარგა.
18th Dubai Open 2016-ის დასკვნით მე-9 ტურში ფანცულაიამ თეთრი ფიგურებით სომეხ ვლადიმირ აკოფიანთან (2656) წააგო და 6.5 ქულით ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა.
საბოლოოდ, 26-ე პოზიციაზე აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2672), რომელმაც შავებით აზერბაიჯანელ ზაურ მამადოვს (2456) სძლია და თავი 6.0 ქულას მოუყარა.
დუბაის ტურნირის ჩემპიონი ინგლისელი გევეინ ჯოუნსი (2650) გახდა, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა და ხსენებულ აკოფიანს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა. მე-3 ადგილი ერგო რუს ბორის სავჩენკოს (2607), რომლის აქტივშიც 7.0 ქულა იყო.
ცნობისთვის, საპრიზო 50 ათასი დოლარიდან გამარჯვებულმა 13 ათასი მიიღო, მე-11 პოზიციაზე გასულ ფანცულაიას კი 1 200 დოლარი გადაეცა.