ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2015-16 წლების სეზონის საუკეთესო მე-6 მოთამაშის ტიტულს “ლოს ანჟელეს კლიპერსის” მცველი ჯამალ კროუფორდი მიიღებს. ამ ინფორმაციას USA Today ავრცელებს.
კროუფორდმა რეგულარულ სეზონში 79 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 14.2 ქულა, 1.8 მოხსნა და 2.3 პასი იყო. ჯამალი მოედანზე საშუალოდ 26.5 წუთს ატარებდა.
ისიც ვთქვათ, რომ ბლეიკ გრიფინის ტრავმიანობის (მან 47 შეხვედრა გამოტოვა) მიუხედავად, კალიფორნიულმა გუნდმა სეზონი 53 მოგებით და 29 მარცხით დაასრულა, რაშიც კროუფორდის წვლილი დიდი გახლდათ.
36 წლის ამერიკელი პირველი კალათბურთელია, ვინც აღნიშნულ ჯილდოს კარიერაში მესამედ მიიღებს. ჯამალი საუკეთესო მე-6 მოთამაშედ უკვე უღიარებიათ 2010 და 2014 წლებში.