გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკული სავანას ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) პირველ წრეში ეთამაშება.
მე-5 ნომრად განთესილი ბასილაშვილი ჩილელ ნიკოლას ხარის გაეჯიბრება, რომელმაც საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა მოახერხა. სამხრეთამერიკელმა საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი, თანამემამულე მარსელო ტომას ბარიოს ვერა 7:5, 7:5 დაამარცხა, ჩეხ რობინ სტანეკს კი 6:3, 7:6 (7:2) სძლია.
ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურელთა ასოციაციის რეიტინგში ნიკოლოზი 456 ქულით 130-ე ადგილზეა, ხოლო ნიკოლასი 81 ქულით 467-ეა. ისიც ვთქვათ, რომ ქართულ-ჩილური დაპირისპირება დღეს საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათიდან გახლავთ დაგეგმილი.
ბასილაშვილი სავანაში წყვილთა ტურნირშიც ითამაშებს. ის ვენესუელელ ლუის დავიდ მარტინესთან გახლავთ შეამხანაგებული და მერვედფინალში პირველი რეიტინგის მქონე ამერიკულ-ჩილურ დუეტს (დენის ნოვიკოვი-ხულიო პერალტა) გაეჯიბრება.