სხვა

14:00 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში ლაშა ტალახაძეს უმასპინძლა (+VIDEO)

19 აპრილს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ ძალოსნობაში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს (+105) უმასპინძლეს, რომელმაც ნორვეგიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებლად გაიმარჯვა და ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით, ევროპის რეკორდიც დაამყარა. შეხვედრას დაესწრნენ ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და სამწვრთნელო შტაბის წევრები.

ნორვეგიის ქალაქ ფიორდეში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორჭიდში თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამასთან რიოს ოლიმპიადის კიდევ ერთი, რიგით მე-4 ლიცენზია დაისაკუთრა. ევროპის ჩემპიონი გახდა ლაშა ტალახაძე (+105), ვიცე-ჩემპიონი კი – ანასტასია გოტფრიდი (+75), რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ძალოსანთა ნაკრებს ვერცხლის მედალი და რიოს ლიცენზია მოუტანა.

მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ფიორდეში ჯამში 463 კგ ასწია. მან ატაცში 212 კგ. დასძლია და ევროპის რეკორდი დაამყარა, აკვრაში კი – 251 კგ-იან შტანგას გაუმკლავდა. ტალახაძემ მთავარ მედალთან ერთად ორივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მცირე ოქროს მედლებიც მოიპოვა.

ანასტასია გოტფრიდმა ორჭიდში 249 კგ-ის დაძლევა შეძლო და ჩემპიონს, სომეხ ჰრიპსიმ ხურშუდიანს მხოლოდ 1კილოთი ჩამორჩა. რიოში საქართველოს სახელით 4 ძალოსანი გამოვა – 3 ლიცენზია ჩვენმა ვაჟთა ნაკრებმა შარშან ჰიუნსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.14627