არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ დუბაიში დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც ძალებს ქართველი დიდოსტატებიც სცდიან. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს, საიდანაც მონაწილეებმა უკვე 7 მოილიეს.
ამ დროისთვის, 18th Dubai Open 2016-ს 6-6 ქულით 4 მოჭადრაკე ლიდერობს: სომეხი ვლადიმირ აკოფიანი (2656), ჰოლანდიელი ივან სოკოლოვი (2626), ინგლისელი გევეინ ჯოუნსი (2650) და რუსი ბორის სავჩენკო (2607).
ლიდერებს 0.5 ქულით 8 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელთა შორის 24-ე რეიტინგის მქონე ლევან ფანცულაიაც (2604) იმყოფება. ქართველმა დიდოსტატმა 4 პარტია მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა და ჯერჯერობით, დაუმარცხებელთა შორისაა.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ფანცულაია თეთრი ფიგურებით ინდოელ სეთურამანს (2658) ეთამაშება, რომელსაც ქართველის დარად 5.5 ქულა აქვს. ცენტრალურ პარტიებში ერთმანეთს აკოფიანი-ჯოუნსი და სავჩენკო-სოკოლოვი დაუპირისპირდებიან.
მე-6 განთესვის მიუხედავად, მხოლოდ 54-ე ადგილზე იმყოფება საქართველოს ვაჟთა ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2672). საინტერესოა, რომ ბაადურს ყაიმით არცერთი პარტია არ დაუსრულებია. მან ოთხ ტურში იმარჯვა, სამში კი დამარცხდა და აქტივში 4 ქულა აქვს. მე-8 ტურში ჯობავა თეთრებით უკრაინელ ინა გაპონენკოს (2408) ეთამაშება.
საინტერესოა, რომ დუბაის ტურნირის წინასწარ განაცხადში კიდევ 2 ქართველი მოჭადრაკე ფიგურირებდა, თუმცა, მაკა ფურცელაძე შეჯიბრში საერთოდ არ ჩაბმულა, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილმა საწყის ოთხ ტურში 2.5 ქულა აიღო, რის შემდეგაც თამაში აღარ გაუგრძელებია.
ძირითადი ტურნირის პარალელურად, დუბაიში ბლიც-შეჯიბრიც შედგა, რომელშიც ფანცულაიამ თავის გამოჩენა ასევე მოახერხა. ლევანმა თერთმეტ ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილი დაიკავა. პირველი 9.5 ქულით ჯოუნსი იყო, მეორე კი – კუბელი ლაზარო ბრუზონი (2668). ჯობავას 8.0 ქულით მე-10 პოზიცია ერგო.