ფეხბურთი

17:09 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარდის შესაძლოა ერთი თამაში არ აკმარონ

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ “ლესტერ სიტის” წამყვანი მოთამაშე ჯეიმი ვარდი შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს. საქმე ისაა, რომ ვარდი პრემიერლიგის ბოლო ტურში “ვესტ ჰემთან” მატჩში გააძევეს. გაცხარებულმა ფეხბურთელმა კი შეხვედრის მთავარ არბიტრ ჯონ მოსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ვარდი წითელი ბარათის გამო ერთ თამაშს ავტომატურად ტოვებს, ხოლო თუ სადისციპლინო კომიტეტმა მსაჯის შეურაცხყოფა დაუდგინა, სასჯელი დიდი ალბათობით გაიზრდება. ეს კი, კლაუდიო რანიერის გუნდისთვის დიდი დანაკლი იქნება.

ვარდი ხსენებული მატჩის 57-ე წუთზე გააძევეს – იგი მეტოქის საჯარიმოში ანჯელო ოგბონასთან ორთაბრძოლისას დაეცა და პენალტს ითხოვდა, თუმცა მსაჯმა მისი საქციელი სიმულაციად მიიჩნია და ყვითელი ბარათი უჩვენა. ვინაიდან ინგლისელ ფორვარდს გაფრთხილება მანამდეც მიღებული ჰქონდა, მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

მიმდინარე სეზონს ჯეიმი დიდებულად ატარებს და 34 თამაშში 22 გოლი აქვს გატანილი. შესაბამისად, მის სახელს წამყვან ევროპულ გუნდებს უკვე უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112673