ჭიდაობა

23:03 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეებს კიდევ 2 შანსი ექნებათ

საქართველოს ნაკრებმა სერბულ ზრენიანინში 15-17 აპრილს გამართულ ევროპის ოლიმპიური თამაშებისათვის საკვალიფიკაციო ტურნირზე სამი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. თავისუფალთა ნაკრებიდან ოლიმპიური საგზური – იაკობ მაქარაშვილმა (74), ხოლო ბერძნულ-რომაულში კი შმაგი ბოლქვაძემ (66) და ზურაბ დათნაშვილმა (75) დაისაკუთრეს.

ლიცენზიის მოსაპოვებლად თითო გამარჯვება დააკლდათ თავისუფალ სტილში ზურაბ იაკობიშვილს (65) და ბერძნულ-რომაულში სანდრო დიხამინჯიას (130), რომლებმაც ნახევარფინალური შეხვედრები დათმეს, ლიცენზიას კი მხოლოდ ფინალისტები გამოიმუშავებდნენ.

მეორე ცდის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ჯამში 7 ოლიმპიური ლიცენზია აქვს მოპოვებული. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2015-წლის სალიცენზიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა პირველივე ცდაზე 4 ლიცენზია მოიპოვა, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (57), სანდრო ამინაშვილის (86), ელიზბარ ოდიკაძის (97) და გენო პეტრიაშვილის (125) ანგარიშზეა.

ამჯერად, მეხუთე ლიცენზია იაკობ მაქარაშვილმაც (74) მიამატა, შესაბამისად თავისუფალთა ნაკრებს ერთი ლიცენზია 65 კგ კატეგორიაში დარჩა მოსაპოვებელი, იმისათვის, რომ სრული გუნდით წარსდგეს რიო დეჟანეიროში.

ბერძნულ-რომაულმა ნაკრებმა კი ოლიმპიური საგზურების ათვლა მხოლოდ მეორე ცდიდან დაიწყო და ჯერ მხოლოდ ორი ლიცენზია მოიპოვა 66 და 75 კატეგორიებში, დანარჩენ ოთხ წონით კატეგორიაში კი დარჩენილ ორ სალიცენზიო ტურნირზე შეეცდება წარმატების მოპოვებას.

მსოფლიო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი 22-24 აპრილს მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში გაიმართება და იქ ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს. 6-8 მაისს კი, საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირს თურქეთის ქალაქი სტამბული უმასპინძლებს, სადაც ბოლო საგზურებს მხოლოდ ფინალისტები დაისაკუთრებენ.

www.wrestling.ge

0.143818