ფეხბურთი

17:45 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “ატლეტიკომ” ბოლო 10 წლის საუკეთესო გუნდი დაამარცხა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მისი გუნდის მეტოქე მადრიდის “ატლეტიკოს” კომპლიმენტები უძღვნა. კატალონელი სპეციალისტის თქმით, “როხიბლანკო” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაზეც “ბარსელონას” დამარცხებაც მოწმობს.

“ევროპის ბოლო 10 წლის საუკეთესო გუნდი “ბარსელონაა” და იგი “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ მეოთხედფინალში. აქედანაც ვხედავ, რამდენად რთული თამაში გვექნება.

ესპანეთის ჩემპიონატს ბოლო წლებში სისტემატურად ვუყურებ და “ატლეტიკო” ძალიან კარგი გუნდია. მწვრთნელი და კლუბი 5 წელია უმაღლეს დონეზე არიან. “როხიბლანკოსაც” იგივე მენტალიტეტი აქვს, როგორიც მათ მწვრთნელს. 180 წუთის განმავლობაში კონცენტრაცია გვჭირდება”, - განაცხადა გვარდიოლამ.

“ატლეტიკოსა” და “ბაიერნის” ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ თამაშს “ვისენტე კალდერონი” უმასპინძლებს, ხოლო შესაბამისად, საპასუხოს “ალიანს არენა”. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 1974 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში შეხვდნენ, მაშინ გერმანელებმა გადათამაშებაში 4:0 მოიგეს და თასსაც დაეუფლნენ.

0.103643