მოსკოვის ცსკა-ს ლეგიონერი მილოშ ტეოდოსიჩი ევროლიგის საპლეიოფო რაუნდის პირველი მატჩების უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
რუსულმა გრანდმა გასულ შეხვედრაში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” 84:74 სძლია, სერბმა გამთამაშებელმა კი თანამემამულეები 23 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით დაამწუხრა. შედეგად, ტეოდოსიჩის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28-ს უწია.
აღსანიშნავია, რომ ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა ათენის “პანათინაიკოსის” ცენტრ მიროსლავ რადულიცასაც, თუმცა, მისმა გუნდმა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩასთან” წააგო და რადულიცაც MVP-ს ტიტულის გარეშე დარჩა.