საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ფეხბურთის მწვრთნელთა ლიცენზირების ათდღიანი კურსები დაიწყო.
C ლიცენზიის მოსაპოვებლად დასავლეთ საქართველოს საფეხბურთო კლუბების მწვრთნელები და ის პირები მონაწილეობენ, ვისაც მომავალში მწვრთნელად მუშაობა სურს.
ლიცენზირების კურსებს ბადრი მაჭავარიანი, თენგიზ კაცია და ავთანდილ შენგელია უძღვებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის C ლიცენზიის მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის, ბადრი მაჭავარიანის ინფორმაციით - ,,ეს არის ეროვნული მოხმარების ლიცენზია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია შემდეგი დონის ლიცენზიის მოპოვება და არის პირველი საფეხური პროფესიულ ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელებისთვის. ამის შემდეგ მათ უკვე შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი B ლიცენზიის მიღებაზე, რომელიც მწვრთნელებს უეფას 54 ქვეყანაში საქმიანობის უფლებას აძლევს.”
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ფეხბურთში C ლიცენზიას 1100-ზე მეტი მწვრთნელი ფლობს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავსი კურსების ჩატარება წლის განმავლობასი ექვსჯერ არის დაგეგმილი.
იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური