საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ნაჩვენები შედეგები იცით. მაინც შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა ინგლისთან და საბერძნეთთან 1:2 წააგეს, ამ ორ შეხვედრას შორის კი მასპინძელ ესპანეთთან 1:1 ითამაშეს. სამწუხაროდ, მატჩების ხილვის საშუალება არ მოგვეცა.
აქვე გთავაზობთ ინტერვიუს ყიფიანთან, რომელიც საინტერესო მოსაუბრეა:
- ელიტრაუნდზე ნაკრების გამოსვლა მთლიანობაში შეაფასეთ.
- ცხრა შესაძლებლიდან ერთი ქულა ავიღეთ და შედეგი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სამივე მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ვერაა იმ დონის, რომ ასეთ გუნდებთან ფავორიტი იყოს, თუმცა მომეწონა ის, რომ სამივე თამაშში 50/50-ზე იყო შანსები, სამივეში გავიტანეთ გოლი და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. ადგილობრივი სპეციალისტები და პრესაც კარგ შეფასებას აძლევდა ჩვენს გამოსვლას. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და ანალიზს საკმაო დრო დავუთმეთ. გამახარა იმ ფაქტმა, რომ ჩვენი გუნდი თავდაჯერებული იყო.
- ინგლისთან საწყის 10 წუთში გაუშვით ორი გოლი და ბოლო წუთებზე გაქვითეთ ერთი ბურთი. სწრაფი გოლების გაშვება რომ არა, როგორ ფიქრობთ, როგორი ხასიათის თამაში იქნებოდა?
- ამ ორი გოლის გაშვებას არაფერი მოასწავებდა. პირველი კონტრშეტევისას გაგვიტანეს, მეორე კი უხეში შეცდომის შედეგად. მიუხედავად ამისა, არ გავტყდით, შევქმენით მომენტები და ბოლოს, როცა 1:2 ვაგებდით, მცირე დროში კიდევ გვქონდა გასატანი.
- ანუ სასტარტო ნერვიულობა არ ყოფილა ინგლისთან?
- არა, ამას ვერ დავაბრალებდი გაშვებულ გოლებს. ჩვენ ავირჩიეთ პირველ ნომრად თამაში მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ძალა კარგად ვიცოდით. ინგლისელები ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან, მეტწილად ჩემპიონშიფის ფეხბურთელები ჰყავთ.
- ესპანეთთან თამაშში ირაკლი ბიძინაშვილმა პირველივე წუთებზე გახსნა ანგარიში, მასპინძლებმა კი ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს. მეორე ტაიმი როგორი იყო?
- მეორეშიც გვქონდა შანსები და რა თქმა უნდა, ესპანეთსაც ჰქონდა. ნამდვილად არ დავჩაგრულვართ და ბიჭებმა მართლაც კარგად ითამაშეს ასეთ მეტოქესთან.
- გიორგი არაბიძეზე: წესით, ის ჩვენი ნაკრების ლიდერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ინგლისთან მე-60 წუთზე შეცვალეთ, ესპანეთთან საერთოდ არ ათამაშეთ და საბერძნეთთანაც შეცვლაზე შეიყვანეთ. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო გიორგი ბერიძის გარშემოც. ფაქტია, რაღაც მოხდა...
- გეტყვით, დასამალი არაფერია. ელიტრაუნდამდე ოთხი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, სადაც არაბიძე და ბერიძე ვერ გამოვიყენეთ. ისე გამოვიდა, რომ ესპანეთში, უმოკლეს პერიოდში მომიწია მათი გუნდთან შეჯერება, მხოლოდ ოთხი დღე გვყავდა ერთად. ორივეს გავაცანი, თუ რაზე ვმუშაობდით ბულგარეთთან და ჩერნოგორიასთან მატჩებში და რა უნდა გადაგვეტანა მინდორზე. არაბიძემ და ბერიძემ ამის ათვისება, ეტყობა, ვერ მოასწრეს დროის სიმცირის გამო. ვერ წარმოაჩინეს თავი. ისე კი, ფეხბურთელი უნდა ერგებოდეს ნაკრებს და არა – პირიქით. ეს ჩემი დევიზია და არა მხოლოდ ჩემი. ფეხბურთელი უნდა ითვალისწინებდეს შეცდომებს, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
- რაიმე კონფლიქტიც მოხდა?
- არა. არაბიძე დაინტერესდა, თუ რატომ მოუწია ასე ცოტა ხანს თამაში. ავუხსენი, რა მინუსებიც ჰქონდა. ვფიქრობ, როცა ფეხბურთელი საკუთარ თავში იპოვის შეცდომებს, მერე უფრო ძლიერი გახდება. საკუთარი თავის ფსიქოლოგი უნდა იყოს. უნდა ვისწავლოთ გუნდური თამაში და არ უნდა ვფიქრობდეთ სხვა, გარე მდგომარეობებზე. ინგლისთან თამაშის შემდეგ დროულად მივიღე ზომები.
ზოგადად, მინდა ყველა ფეხბურთელმა იცოდეს, რომ როცა ნაკრებში იძახებენ, პირველ ადგილზე უნდა იდგეს ქვეყანა და მერე სხვა ყველაფერი. სხვანაირად ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ.
- საერთოდ ხშირია შემთხვევა, როცა ქართველი ახალგაზრდები ზრდას წყვეტენ და გაგვიგია, რომ უმეტესწილად ვარსკვლავური სენის ბრალია. რატომ ხდება ასე? ფაქტია, ბევრ ქართველ ფეხბურთელზე უთქვამთ ასეთი რამ და ეს ჭორები არ უნდა იყოს.
- რეკომენდაციის სახით ვეტყოდი მათ, რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და საფეხურები ეტაპობრივად გაიარონ. ახალგაზრდა არცერთ ეტაპზე არ უნდა შეჩერდეს და მაგალითი უნდა აიღონ ევროპელი ვარსკვლავებისგან.
- ელიტრაუნდზე რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით, ვინ წარმოაჩინა თავი კარგი კუთხით თქვენს გუნდში?
- მთლიანობაში გუნდს გამოვარჩევდი და კონკრეტული ფეხბურთელების სია გადავეცი გია გეგუჩაძეს, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცია. ეს რეკომენდაციის სახით, რადგან 1997 წელს დაბადებულებმა უკვე დაასრულეს 19-წლამდელთა ასაკი და ახლა 21-წლამდელებში აქვთ მოსაპოვებელი ადგილი.
- ძლიერი ევროპული ქვეყნის ნაკრებებს რომ შევადაროთ, რა კომპონენტებში უჭირთ ქართველ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად?
- ჩვენების ძირითადი პრობლემა კარგი დონის თამაშების ნაკლებობაა. გადავხედოთ, სად თამაშობენ ინგლისელები და ესპანელები, მერე კი – ქართველები. ჩვენი ჩემპიონატი ევროპულ დონეს ვერ აკმაყოფილებს და ეგეც არ იყოს, 19-წლამდელთა ნაკრებში ხშირად გვიწევს დუბლების, ან პირველი ლიგის ფეხბურთელების აყვანა, რადგან მწირი არჩევანია. აი, ნიჭით ქართველი ახალგაზრდები არ ჩამოუვარდებიან, მაგრამ რაც ვთქვი, ის პრობლემა ყველაზე მეტად იჩენს თავს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, შანსი არ არის, რომ პროგრესი არ ვიხილოთ. აუცილებლად დაეტყობა თამაშების დონესაც. ამ პროგრამით, რეგიონებშიც ამოისუნთქებენ გუნდები და იქიდანაც გამოჩნდებიან კარგი მოთამაშეები.
- თანამედროვე ფეხბურთში დიდი როლს ასრულებს მეტოქის ნახევარზე პრესინგი და ფაქტიურად, ამას ვინც უკეთ ახერხებს, ის გუნდი იგებს. თქვენს ნაკრებს რამდენად გამოსდიოდა ეს?
- სწორედ ეს ავირჩიეთ და მაგალითად, ესპანელებს ბურთზე კონტროლის საშუალება არ მივეცით. რა თქმა უნდა, რისკი ახლავს ასეთ პრესინგს, რადგან მეტოქე თუ ბურთს ამოიტანს, მეტი შანსია, რომ სახიფათო მომენტი შეგიქმნას.
- რისკთან ერთად, მეტ ფიზიკურ დატვირთვასაც ხომ მოითხოვს?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ცუდად არ ვაკეთებდით ამას. ესპანელთა მეკარეს ბურთის მცველებისთვის მიცემის საშუალებას არ ვაძლევდით და ისიც იძულებული იყო, რომ წინ დაერტყა. ხარვეზები იყო ამ კომპონენტშიც, მაგრამ მთლიანობაში ურიგოდ არ ვასრულებდით.
- გაისად ზაფხულში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს, თუმცა 1997 წელს დაბადებულები ვეღარ ითამაშებენ. იქნებიან 1998-იანები და უმცროსები. თქვენ იქნებით ამ ნაკრების მწვრთნელი?
- ასე ჩანს და უკვე დავიწყე სელექციაზე მუშაობა. ახლა საკმაო დრო გვაქვს, ჩემპიონატამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი. 25-29 აპრილს სლოვაკეთში გაიმართება “სლოვაკეთის თასი”, რომელიც რვაგუნდიანი იქნება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან აშშ, უკრაინა და მასპინძელთა ნაკრები. 2 და 4 ივნისს კი საქართველოში ორჯერ ვეთამაშებით უკრაინას.