კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგაზე ტიტულის შენარჩუნებას ეცდება. ამისთვის, “ბლაუგრანას” პირველ ყოვლისა მადრიდის “ატლეტიკოს” ბარიერის გადალახვა მართებს. დღეს, “ბარსა” “ვისენტე კალდერონზე” თამაშს ერთბურთიანი უპირატესობით დაიწყებს.
ბოლო დროს ლუის ენრიკეს გუნდი ძველებურად ვერ თამაშობს. თავად განსაჯეთ, “ბარსამ” ლა ლიგის ბოლო სამ ტურში ოდენ ქულა მოიპოვა და ბოლო ორ მატჩში საერთოდ დამარცხდა. მათი თამაში არც “ატლეტიკოსთან” ყოფილა განსაკუთრებით კარგი, რადგან მეტოქემ ტაიმზე მეტი კაცნაკლულმა ითამაშა. საერთოდ, ამ გუნდთა პირველი მატჩის მსაჯობამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და უკან დაბრუნება არ ღირს.
ისე კი, დღეს დიეგო სიმეონეს პირველ მატჩში გოლის გამტანი და მერე გაძევებული ფერნანდო ტორესი არ ეყოლება. მის გარდა, ვერც ხიმენესი და ტიაგო ითამაშებენ ტრავმების გამო. “ბარსელონაში” კი ასეთი სერიოზული დანაკლისი არაა. კატალონელებს მატიე, ვიდალი, რაფინია და სანდრო არ ეყოლებათ.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” “ატლეტიკოსთან” ყველა მატჩი აქვს მოგებული(7-დან 7) მას შემდგომ, რაც “ბლაუგრანა” ლუის ენრიკემ ჩაიბარა. მოკლედ, ენრიკეს “როხიბლანკოსთან” ჩინებული მოგონებები აკავშირებს. გაგრძელდება თუ არა “ბარსასთვის” სასიამოვნო ტრადიცია დღეს გავიგებთ. თავის მხრივ, კარგ მოგონებებს არც დიეგო სიმეონეს “ატლეტიკო” უჩივის. ორი წლის წინ, ამავე ეტაპზე მადრიდელებმა მეტოქეს ორი მატჩის ჯამში აჯობეს (1:1, 1:0) და ნახევარფინალში გავიდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ამ გუნდების დაპირისპირებას უფრო ამძაფრებს – ლა ლიგაში ერთმანეთს ჩემპიონობას ეცილებიან და “ბარსელონა” “ატლეტიკოს” მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.
დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “ვიცით, რომ “ბარსელონა” ჩვენზე უკეთესი გუნდია, მაგრამ იქნებ ეს უკეთესიც იყოს. ისიც ვიცით, რომ მათთან ბრძოლა შეგვიძლია. სტადიონზე შესანიშნავი სიტუაცია იქნება, თუმცა არმგონია “ბარსელონას” ფეხბურთელები “ვისენტე კალდერონის” ატმოსფერომ გააკვირვოს.
კოკე ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვნი ფეხბურთელია, მას თამაშის წარმართვა შეუძლია. სწრაფად და ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ და ეს სწორედ კოკეს დახმარებით უნდა მოხდეს”.
ლუის ენრიკე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “ჩემი აზრით, სეზონის მთავარი თამაში არაა. ჩვენ მცირე უპირატესობა გვაქვს და აქაც მოსაგებად ვიმყოფებით. ეს გუნდი, იზრდება ისეთი თამაშებისგან, როგორიც დღეს გვაქვს.
“ატლეტიკოსთან” ყოველთვის გვიჭირს, თუმცა კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის. უკეთესი შედეგის ჩვენება მუდამ შეიძლება, ეს გუნდურად ხდება. ცდება ის, ვინც ფიქრობ, რომ თამაშს იგებს ან აგებს სამი-ოთხი ფეხბურთელი.
დღეს ურთულესი მატჩი გველოდება, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში. ჩვენ “ატლეტიკოს” ძალიან კარგად ვიცნობთ, სავსე “ვისენტე კალდერონის” ნახვა კი დიდებულია. იმედია, მასპინძლები და “ბარსა” ასეთ ატმოსფეროში ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ”.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ერნადესი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, აუგუსტო, საულ ნიგეზი; გრიზმანი, ფერეირა-კარასკო
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, პიკე, მარსკერანო, ჟორდი ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)