დღის მეორე მატჩში მადრიდის “რეალი” “ვოლფსბურგს” დაუხვდება და ნახევარფინალში თამაში თუ უნდა სამბურთიანი სხვაობით უნდა მოუგოს.
ესპანურმა გრანდმა პირველი თამაში საშინლად ჩაატარა და გერმანიაში დამსახურებულად დამარცხდა. თუმცა, “სამეფო კლუბის” ჩამოწერა არ ივარგებს და ზინედინ ზიდანი აღნიშნავს, რომ მისს გუნდს შანსი ჯერ კიდევ აქვს. თავის მხრივ “ვოლფსბურგს” დასაკარგი არაფერი აქვს. მათი ერთადერთი საზრუნავი წლეულს ჩემპიონთა ლიგაა, რადგან “მგლები” ბუნდესლიგაში მეტად უნიათოდ ირჯებიან. ამასთან, “ვოლფსბურგი” “რეალთან” რომ დამარცხდეს, აბა ვინ გაკიცხავს და თუ მოიგებენ ყველა მათ შესახებ ისაუბრებს.
წესით, მადრიდელთათვის ძალზე სახიფათო უნდა იყოს სტუმართა კონტრშეტევები, რადგან “ვოლფსბურგს” სახიფათო შემტევები ჰყავს. არადა,”რეალმა” უნდა შეუტიოს, სხვა გზა არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გუნდს ბოლო ოთხ საშინაო მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი აქვს გაშვებული.
“რეალი” დღევანდელ მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება, ზიდანს შემადგენლობის მხრივ დანაკლის არ აქვს და ახლა ყველაფერი მის არჩევანზეა. რაც შეეხება “ვოლფსბურგს”, ტრავმირებული მხოლოდ იუნგია, რომელიც წესით გერმანელთათვის სერიოზული დანაკლისი არ უნდა იყოს.
“ვოლფსბურგი” ჩემპიონთა ლიგაზე სულ მეორედ თამაშობს, ხოლო პლეი-ოფში პირველად და შესაბამისად, პირველივე ცდაზე ნახევარფინალში გასვლის რეალური შნასი აქვს. “რეალი” კი საუკეთესო ოთხ გუნდში ბოლო ოთხი სეზონია რაც ხვდება და ტრადიციის დარღვევა არ უნდა უნდოდეთ.
ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “დიდებული თამაში იქნება და საჭიროა მაქსიმალური ყურადღებით ყოფნა. ასეთი თამაშების მოგება პირველ 10-15 წუთში შეუძლებელია. პირველივე წუთიდან კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, მაგრამ 90-ე წუთზე მომდევნო ეტაპის საგზური უნდა გვქონდეს.
ხალხი ელოდება ჩვენი გუნდისგან კარგ თამაშს და ყველაფერი დღეს გამოჩნდება. პირველ თამაშში დაფიქსირებულმა შედეგმა ჩვენი მდგომარეობა დაამძიმა. ჩვენი გულშემატკივარი გვიყვარს და ისინი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანნი არიან. მათი მხარდაჭერა მთელი თამაშის განმავლობაში დაგვჭირდება”.
დიტერ ჰეკინგი (“ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელი): “ვიცით, სად ვითამაშებთ და პირველი მატჩის მსაგვსად უნდა ვითამაშოთ. “რეალი” უდიდესი გუნდია და თავისი პუბლიკის წინაშე ჩვენს დამარცხებას ეცდება. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. კარგად ვიცით, ისეთ კლუბს როგორიც “რეალია”, რა მიზნების გააჩნია, მაგრამ მომდევნო ეტაპზე თამაშს ჩვენც ვიმსახურებთ.
მადრიდში საბრძოლველად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ 80 ათასი გულშემატკივარი მხარს მეტოქეს დაუჭერს. კიდევ ერთი ბრწყინვალე საღამო უნდა მოვიწყოთ და გავიტანოთ რაც შეიძლება სწრაფად”.
სავარაუდო შემადგენლობები:
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
12 აპრილი, 22:45 საათი
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ბეილი, ბენზემა, რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო; ენრიკე, არნოლდი, დრაქსლერი; შურლე
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)