ჭიდაობა

0:18 | 12.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეთა ნაკრებების შემადგენლობა რიოს სალიცენზიო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები 13 აპრილს სერბეთში ქალაქ ზრენიანში გაემგზავრებიან, სადაც 15-17 აპრილს ევროპის ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ რომ ტურნირში მხოლოდ ის სპორტსმენები ჩაებმებიან, ვისაც ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ ოლიმპიადის საგზურები, ლიცენზიებს კი თითოეულ წონაში ფინალისტები მიიღებენ.

თავისუფალთა ნაკრებს მხოლოდ 2 ლიცენზია დარჩა მოსაპოვებელი, შესაბამისად, სერბეთში ზურაბ იაკობიშვილი (65) და იაკობ მაქარაშვილი (74) გაემგზავრებიან. მწვრთნელები რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი არიან.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: რევაზ ლაშხი (59), შმაგი ბოლქვაძე (66), ზურაბ დათუნაშვილი (75), რობერტ კობლიაშვილი (85), ვასილ იმერლიშვილი (98) და სანდრო დიხამინჯია (130).

მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩიაა, მწვრთნელები – ჯემალ ბაკურიძე, აკაკი ჩაჩუა და ზაზა ჯიბლაძე, მსაჯი – მალხაზ ჯორბენაძე, ხოლო ექიმი – ზურაბ კახაბრიშვილი.

15 აპრილს თავისუფალი სტილის 57-65 და ბერძნულ-რომაული 59-66 წონის ფალავნები იასპარეზებენ.

16 აპრილი – თავისუფალი 74-86, ბერძნულ-რომაული – 75-85.

17 აპრილი – თავისუფალი 97-125, ბერძნულ-რომაული 98-130.

სერბულის გარდა, დარჩენილია კიდევ 2 სალიცენზიო ტურნირი. პირველი მსოფლიო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი 22-24 აპრილს მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში გაიმართება. ლიცენზიას წონის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს. 6-8 მაისს კი თურქეთის ქალაქი სტამბული უმასპინძლებს ბოლო საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირს, სადაც საგზურს მხოლოდ ფინალისტები მიღებენ.

www.wrestling.ge

0.115132