9 აპრილს 7-ქალას მორაგბეები ქეთი მოდებაძე, სალომე მაკასარაშვილი, 7-ქალას მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე და მაწრთობი გიორგი მაისურაძე ოზურგეთის რამდენიმე სკოლაში რეგიონის გოგონების რაგბით დაინტერესების მიზნით მოსწავლეებს შეხვდნენ.
ჯაბა მალაღურაძის თქმით, ამ ბოლო დროს გოგონათა მხრიდან საგრძნობლად იმატა რაგბის მიმართ დაინტერესებამ, ზოგიერთ რეგიონში კი საერთოდაც ბიჭებზე მეტად გოგონებს სურთ რაგბში ჩართვა.
7-ქალას სამწვრთნელო შტაბი რეგიონებში ქალთა რაგბის ცნობადობის ზრდისა და პროპაგანდის მიზნით, მსგავს გასვლებს ხშირად მართავს და არც ოზურგეთის შეხვედრა იყო გამონაკლისი.
„მსგავს შეხვედრებს ხშირად ვატარებ, ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაცაა. გვინდა გოგონებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ქალთა რაგბის შესახებ. ზოგმა იცოდა, რომ საქართველოში გოგონები რაგბს თამაშობენ, ბევრმა არც იცოდა. როგორც კი გაიგეს ამის შესახებ, აღმოჩნდა, რომ აქვთ სურვილი ითამაშონ რაგბი.
ძირითად პრობლემას მაინც იმაში ვხედავ, რომ გოგონები რაგბით და ზოგადად სპორტით იმიტომ არ არიან დაკავებულები საქართველოში, რომ ნაკლებად აქვთ ინფორმაცია. შეიძლება აქვთ სურვილი დაკავდნენ სპორტით, მაგრამ არ იციან სად. გოგონებს ვეტყოდი, რომ რაგბი არის გუნდური სპორტი, რაგბს აქვს უდიდესი ფასეულობები. და რაც მთავარია, როდესაც ვამბობთ, რომ რაგბი ჩვენი თამაშია, არსად არ წერია, რომ რაგბი მხოლოდ ბიჭებისთვისაა“.
ამ მომენტისათვის საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 214 მოზარდი გოგონაა დაინტერესებული რაგბით. 7-ქალას მწვრთნელებს სურთ, რომ მსგავსი შეხევდრებითა და მასტერკლასებით ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდონ. ამ ეტაპზე უკვე შექმნილია წრეები, სადაც გოგონები რაგბს ეუფლებიან. ჯაბა მალაღურაძის თქმით, მიზანს გუნდების ჩამოყალიბება და გოგონათა შორის 7-ქალა რაგბის ჩემპიონატის გამართვა ქარმოადგენს, რაც თავისმხრივ უფრო მეტ გოგონას გაუზრდის ნაკრებს.
www.rugby.ge