ბოლო რვა წელიწადია “ოქროს ბურთს” ან ლიონელ მესი ეუფლება, ანდაც კრიშტიანუ რონალდუ. 2008 წლიდან მოყოლებული მათ ჰეგემონიაში ჩარევას ვერავინ ახერხებს. 2007 წელს, ამ ჯილდოს მფლობელი რიკარდო კაკა გახდა და იქიდან მოყოლებული სცენარი უცვლელია.
სხვა საკითხია, ვინ იმსახურებდა და ვინ დარჩა “ოქროს ბურთის” გარეშე. ფაქტი უცვლელია, რომ მესის ახლა საუკეთესო მოთამაშის ხუთი პრიზი აქვს, რონალდუს – სამი.
“ოქროს ბურთი” 1956 წლიდან მოყოლებული თამაშდება და მისი პირველი გამარჯვებული ინგლისელი სტენლი მეტიუზი გახდა. საერთოდ, თავდაპირველად ეს ჯილდო ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა” დააწესა და თავიდან მხოლოდ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენდა. ამიტომაცაა, რომ ბრაზილიელ პელესა და არგენტინელ დიეგო მარადონას “ოქროს ბურთი” არასდროს მოუგიათ. მერე წესები რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლო პერიოდში “ოქროს ბურთს” საერთოდ ფიფა ათამაშებს.
60 წელი გავიდა და შესაბამისად, 60 ბურთი გათამაშდა. ბუნებრივია, ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც აღნიშნული ჯილდო უსათუოდ და თანაც არაერთხელ ეკუთვნოდათ, მაგრამ გამარჯვებას ყველა ვერ აღწევს.
საინტერესო იქნება ვნახოთ ხსენებულ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები. მაშ ასე, დავიწყოთ:
მეკარე:
ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
საერთოდ, ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა, “ოქროს ბურთის” დაპატრონება შემტევ მოთამაშეებს გაცილებით უადვილდებოდათ. ამას თავისი ახსნაც აქვს: ფეხბურთში მთავარი სანახაობაა, სანახაობას კი გოლები ჰქმნიან, გოლებს თავდამსხმელები იტანენ. ისტორიაში ერთადერთი მეკარე, რომელიც ამ ჯილდოს შეწვდა ლევ იაშინია.
არჩევანი ჯანლუიჯი ბუფონსა და იკერ კასიალიასს შორის მქონდა, თუმცა რაღა დაგიმალოთ და, ბევრი არ მიფიქრია. ვფიქრობ, თავისი განვლილი კარიერიდან გამომდინარე იტალიელი მეკარე უფრო იმსახურებდა ერთ “ოქორს ბურთს” მაინც. ჯიჯი აგერ უკვე 20 წელია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და 38 წლის ასაკშიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
ბუფონი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობასთან ყველაზე ახლოს 2006 წელს იყო, როდესაც საერთო ჩათვლაში მხოლოდ თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა. ბევრის აზრით, იტალიამ რომ მუნდიალი მოიგო, ყველაზე მეტად ბუფონის დამსახურება გახლდათ... ალბათ, “ოქროს ბურთსაც” მაშინ უფრო მეტად იმსახურებდა.
მცველები:
კარლეს პუიოლი (ესპანეთ)
კარლეს პუიოლი კატალონიის “ბარსელონაში” მაინცდამაინც პატარა ასაკში არ გამოჩენილა, მაგრამ გუნდის უდიადესი ლეგენდა გახდა. კარლესი თავიდან ძირითადად მარჯვენა მცველად თამაშობდა და ამ პოზიციაზე ირჯებოდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში 2002 წლის მუნდიალზე. მერე, ცენტრში გადაინაცვლა. როგორც არ უნდა იყოს, პუიოლი “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო. გუნდებისა, რომლებმაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე თავიანთ ეპოქები შექმნეს და ძნელად სავარაუდოა, უახლოეს მომავალში მათი შედეგი ვინმემ გააუმჯობესოს.
ალესანდრო ნესტა (იტალია)
ყველაზე ელეგანტური მცველი ვინც კი ბოლო პერიოდში მინახავს. ფეხბურთელი, რომლის თამაში ბევრს არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებდა, ვიდრე ფორვარდები. ნესტას კარიერა ალბათ, უფრო მბრწყინავი იქნებოდა, რომ არა ხშირი ტრავმები. ნესტას კაპიტნობით რომის “ლაციო” მე-20 საუკუნის მიწურულსა და XXI-ეს დასაწყისში ევროპას აზანზარებდა. 1999 წელს ალესანდრო “ოქროს ბურთის” მოგებასთან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ ის ხომ მცველი გახლდათ...
პაოლო მალდინი (იტალია)
1994 წელს “მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო მერე ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წააგო. იმ წელს, პაოლომ “უორლდ სოკერის” გათამაშება მოიგო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგრამ “ფრანს ფუტბოლმა” მხოლოდ მესამე ადგილი არგუნა. მალდინი საუკეთესო ათეულში 2003 წელსაც მოხვდა. ბევრი მიიჩნევს, რომ მალდინი ყველა დროის საუკეთესო მცველია – შედავებაც რთულია...
რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
ბრაზილიელი რობერტო კარლოსი ცნობილი პირველ რიგში უძლიერესი მარცხენა ფეხით გახდა. მარცხენა ფლანგზე წლების განმავლობაში ბადალი არ ჰყოლია და “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ათეულში არაერთხელ მოხვედრილა, თუმცა საბოლოოდ მთავარი ჯილდოს გარეშე დარჩა.
ნახევარმცველები:
ჩავი ერნანდესი (ესპანეთი)
ჩავი ერნანდესს 2008 წელს ესპანეთის ნაკრების ტრიუმფში განუზომელი წვლილი მიუძღოდა. ერთი ათეული წლის განმავლობაში “ბარსელონა” და “ფურიე როხა” ყველა ტურნირს იგებდნენ და ამას ჩავის დირიჟორობით ახერხებდნენ. ბევრი თვლის, რომ 2010 წელსაც ჩავის სეზონი იყო, მაგრამ თანგუნდელმა მესიმ აჯობა. მოკლედ, ესპანელი “ოქროს ბურთის” გარეშე დარჩა, მაგრამ ეს მას არ აკნინებს.
ანდრეა პირლო (იტალია)
ანდრეა პირლო როგორც წესი, “ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიას არ უყურებდა. თვითონ იხსენებს, რომ გამარჯვებული წინასწარ იყო ცნობილი და ამიტომაც დროს არ კარგავდა. ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც მხოლოდ მე-7 ადგილზე გავიდა. არადა, ანდრეა მოედანზე ისეთ რაღაცებს სჩადიოდა, საუკეთესოობას ერთხელ მაინც იმსახურებდა.
ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
ჩავი-ესტა ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ – შესაბამისად, თუ ჩავი იმსახურებდა მოგებას, იგივე გვეთქმის ინიესტაზეც. ანდრესმა ამ პერიოდში დიდებული სეზონები ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში “ოქროს ბურთს” იმსახურებდა, მაგრამ პირლოს თქმის არ იყოს, გამარჯვებული უკვე ცნობილი იყო...
თავდამსხმელები:
ტიერი ანრი (საფრანგეთი)
ზინედინ ზიდანის დროინდელმა საფრანგეთმა მიჯრით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო. მას პირველ ყოვლისა მხარს ტიერი ანრი უბამდა. ტიტი საკლუბო დონეზეც ბრწყინავდა და ლონდონის “არსენალს” 2004 წელს პრემიერლიგაც მოაგებინა. თუ მის განვლილ კარიერას გადავხედავთ, დაგვებადება კითხვა: რატომ არ აქვს “ოქროს ბურთი” ტიერი ანრის?..
რაულ გონსალეს ბლანკო (ესპანეთი)
სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი არჩევანი თავდამსხმელებს შორის მქონდა, რაც ბუნებრივია. სტატიის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ შემტევი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის ადვილი იყო “ოქროს ბურთის” მოგება. 2001 წელს, რაულს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ ესპანელი სანუკვარ ჯილდოს მოიგებდა, მაგრამ ბოლოს “ფრანს ფუტბოლმა” მას ინგლისელი მაიკლ ოუენი არჩია... “ოქროს ბიჭუნას” დაკნინებას არც ვცდილობ, მაგრამ ჩემი აზრით, ესპანელი გაცილებით დიდი ფეხბურთელი იყო და იმ სეზონშიც (სხვებზე აღარაფერს ვამბობ) გამარჯვებას ალალად იმსახურებდა.
ალესანდრო დელ პიერო (იტალია)
ალესანდრო დელ პიერო “ოქროს ბურთთან” ახლოს ზედიზედ ორჯერ, 1997 და 1998 წლებში იყო. ორჯერვე მეოთხე ადგილს დასჯერდა. ვინ იცის, იქნება ახლა ამ სიაში არც ყოფილიყო, ტურინის “იუვენტუსს” სწორედ იმ წლებში ლიგის ორი ფინალი რომ არ წაეგო. 1998-ში კი მუნდიალზე შეეძლო გაბრწყინება, მაგრამ ზედ ტურნირის წინ მიღებულმა ტრავმამ ფორმიდან ამოაგდო, რამაც საბოლოო გამოკითხვაზე იქონია გავლენა. მთლიანობაში იტალიელის კარიერაც ოქროსი გახლდათ და ბუნებრივია ერთ “ოქროს ბურთსაც” იმსახურებდა.