ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსე“, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ინგლისში, 21 ათასამდე ადგილობრივი მაყურებლის წინაშე უშანსოდ, 13:41 დამარცხდა.
ფრანგებმა ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვეს და არასაჭირო ლელოები მიიღეს. სწორედ ასე გაიხსნა ანგარიში დებიუტში - ჯერ გადაცემა ჩაიჭრა, მერე მცველმა ფეხით შეგორებული ბურთი ვერ აიღო, ლელოდან 5 მეტრში აუტიდან ბურთის სწრაფად შემოგდებას ხელი არავინ შეუშალა და მანუ ტუილაგიმ 7-ქულიანი ფორა შექმნა. მორნი სტეინმა მე-7 წუთზე ჯარიმა გაიტანა,მერე მისი 39 მეტრიდან დარტყმული ძელმა აისხლიტა, ხოლო ფრედი ბარნსის ჯარიმას სტეინმა ზუსტი დარტყმით 24-ე წუთზე უპასუხა.
30-იდან 33-ე წუთამდე „ლესტერმა“ კიდევ ორი ლელო დადი, ჯერ ვერენიკი გონევა დაჯრა ფლანგზე მარტო, მერე კი, ბარნსმა ჩაჭრა გადაცემა - 24:6. მეორე ტაიმი პარიზელებისთვის იმედისმომცემად დაიწყო, ჟულიენ დიუპიმ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ ორიოდე წუთში ფლანგზე კვლავ გონევა გაიქცა და სტუმრებს ხასიათი წაუხდინა. ამის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი ლელო დადეს [ფიცჯერალდა და ვეაინუმ] და „ლესტერი“ ნახევარფინალში გავიდა.
ზურაბ ჟვანია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. მან ბურთით 4-ჯერ შეუტია და 8 მეტრით წაიწია წინ, ერთი პასი და ერთი ოფლოუდი გაახერხა. დაცვაში მან 3 ბოჭვა შეასრულა, ამდენივე გაუცუდდა და ორჯერ დაჯარიმდა.
www.worldrugby.ge