გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-16 მარცხი განიცადა და საპლეიოფო ზონას კიდევ უფრო დაშორდა.
ანდორელები “მურსიას” დაუხვდნენ და ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან 86:91 წააგეს, ქართველი ცენტრი კი მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო.
გიორგი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 15:44 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 7-დან 3 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
“მორაბანკ ანდორას” რიგებში საუკეთესო მაკედონიელი ფორვარდი ვოიდან სტოიანოვსკი იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, მურსიელებს კი ასევე 20 ქულით ამერიკელმა სკოტ ვუდმა ულიდერა.
შერმადინის კლუბი 11 გამარჯვებით მე-11 ადგილამდე დაქვეითდა, სიტუაციის გამოსწორებას კი მომდევნო შეხვედრაში ეცდება, რომელსაც 17 აპრილს მალაგაში “უნიკახასთან” გამართავს.