დასრულდა უმაღლესი ლიგის 24-ე ტურის ექვსი მატჩი. იღბლიანი გამოდგა ტური აუტსაიდერთა ზონაში მყოფი გუნდებისთვის: მოიგო “გურიამ”, მოიგო “ზუგდიდმა” და “მერანმაც”, რომელმაც ასევე ცხრილის ქვედა ნაწილში მოტრიალე “საპოვნელას” 2:0 სძლია ნიკა საბანაძის დუბლით. საბანაძე მეორე წრეში მხსნელად მოევლინათ მარტვილელებს.
“გურია” ბათუმის “დინამოსთან” აგებდა, მაგრამ პანამელი კარლოს სმოლის ორი გოლით იმარჯვა. ლანჩხუთელებს ძალიან სჭირდებოდათ ეს გამარჯვება, აი, ბათუმელებმა კი ამ მარცხით, ალბათ, სამუდამოდ გადაიწურეს ევროტურნირებზე გასვლის იმედი.
“ზუგდიდმა” ცხრილის შუაში მყოფ “შუქურას” 3:0 სძლია და ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა, ბოლოზე კი “საპოვნელაა”.
ლიდერმა თბილისის “დინამომ” “ცხინვალს” 4:2 სძლია, ხოლო გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა და ჩემპიონატში მონაგარი 19 გოლამდე გაზარდა. ქვილითაია 4-გოლიანი ჰანდიკაპით ლიდერობს ბომბარდირთა დავაში, ხოლო დინამოელებს სულაც 14-ქულიანი უპირატესობა აქვთ მეორეადგილოსანთან. 6 ტური დარჩა და “დინამო” ალბათ მალე გაინაღდებს კიდეც ჩემპიონობას.
“დილა”-“სიონი” 2:1 დასრულდა, გორელებმა მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს და “სამტრედიას” გაუთანაბრდნენ ქულებით. სამტრედიელებმა თავის მხრივ, წლეულს პირველად წააგეს: ქუთაისში “ტორპედოსთან” ბუდუ ზივზივაძის გოლით იგებდნენ, თუმცა ჯერ თორნიკე კაპანაძემ გაუტანათ, ბოლო წუთებზე კი ვაჟა ტაბატაძემ. 2:1 – ქუთათურებმა მეზობლები გაამწარეს.
16:00. მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა”
მერანი (მარტვილი) – საპოვნელა (თერჯოლა) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0, 2:0 საბანაძე (52, 61)
16:00. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო
ცხინვალი – დინამო (თბილისი) 2:4 (1:2)
გოლები: 0:1 ჭანტურიშვილი (16), 0:2 იაშვილი (23), 1:2 გორგიაშვილი (30პენ), 2:2 ბეჭვაია (62), 2:3, 2:4 ქვილითაია (73, 75 პენ)
16:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”
დინამო (ბათუმი) – გურია (ლანჩხუთი) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 კომაზეცი (26), 1;1, 1:2 სმოლი (32, 34)
16:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”
ტორპედო (ქუთაისი) – სამტრედია 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ზივზივაძე (25), 1:1 კაპანაძე (43), 2:1 ტაბატაძე (81)
16:00. ზემო ეწერი. “ცენტრალური”
ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 კალანდაძე (11, საკ.კარში), 2:0 სამუშია (80),3:0 პუკანიჩი (90 საკ.კარში)
16:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”
დილა (გორი) – სიონი (ბოლნისი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 მარცვალაძე (17), 2:0 ნონიკაშვილი (80), 2:1 ოთარ კობახიძე (88)
გაძევება: გვალია (80, დილა)
ტურის კიდევ ორი მატჩი ხვალ გაიმართება და ორივე 16:00 საათზე დაიწყება: ფოთში “კოხლეტი” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლებს, ხოლო თბილისში “მიხეილ მესხზე” “საბურთალო”-“ლოკომოტივია”.