ინგლისური “ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი სამშობლოში 2016 წლის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს. კერძოდ, 64 წლის მწვრთნელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოარჩია და ენცო ბეარზოტის სახელობის პრიზი გადასცა. ამასთან დაკავშირებით კომენატი FIGC-ის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ გააკეთა:
“შევთანხმდით: მიმდინარე სეზონში თავი სხვებზე მეტად კლაუდიო რანიერიმ გამოიჩინა. ის შესანიშნავი მოტივატორი აღმონდა თავისი ფეხბურთელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გუნდში არ ჰყავს”, - თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პირველმა პირმა.
ენცო ბეარზოტის სახელობის ჯილდო იტალიაში მწვრთნელებს 2011 წლიდან გადაეცემათ. პირველ წელს აღნიშნული პრიზი ჩეზარე პრანდელიმ მოიგო. 2012 წელს, ვალტერ მაცარიმ, 2013-ში ვინჩენცო მონტელამ, ერთი წლის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ, ხოლო გასულ წელს მასიმილიანო ალეგრიმ.
რაც შეეხება რანიერის, მოგეხსენებათ, მის მიერ გაწვრთნილი “ლესტერი” პრემიერლიგას დასრულებამდე 6 ტურით ადრე დამაჯერებლად ლიდერობს და მდევარს 7 ქულით უსწრებს.