ფეხბურთი

1:35 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ნახევარფინალს მიუახლოვდა (+VIDEO)

ფრანგული “პარი სენ ჟერმენისა” და ინგლისური “მანჩესტერ სიტის” წყვილში ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. “პარკ დე პრენსზე” დაფიქსირებულმა შედეგმა მხოლოდ ის გამოაჩინა, რომ “სიტის” ახლა მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთეს შანსი აქვს, ვიდრე პსჟ-ს.

აღნიშნული მატჩი მეტად თვალსასეირო და კარგი საყურებელი გამოვიდა. მთლიანობაში მასპინძლებმა მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ფრე მაინც ყველაზე ლოგიკური დასასრული გახლდათ.

გუნდებს თამაში ერთმანეთის დაზვერვით არ დაუწყიათ და სახიფათო მომენტებს ხშირად ცვლიდნენ. განსაკუთრებით, კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც ორჯერ ძალზე რეალური შანსი ჰქონდა – ზლატანმა ჯერ დავიდ ლუიზის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ შეაგდო. ჰარტმა კუთხე გამოიცნო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში უკვე სტუმართა დაცვის ცენტრი აშკარად ჩავარდა და იბრა ჰარტთან პირისპირ დარჩა, მაგრამ რად გინდა – ბურთი კარს ზემოდან გადაავლო.

ეს იყო და მოედნის ცენტრში ბლეზ მატუიდი უხეიროდ გაისარჯა, რასაც “სიტის” კონტრშეტევა და გოლი მოჰყვა: ფერნანდინიომ ბურთი მანამ ათრია, სანამ კევინ დე ბრუინი ხელსაყრელ პოზიციაზე არ დატოვა და ბელგიელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. ეს ტაიმის მიწურულს მოხდა, თითქოს მანუელ პელეგრინის შეგირდებს პირველი ნახევარი მშვიდად უნდა მოეგოთ, მაგრამ ჯო ჰარტის დაგორებული ბურთი ფერნანდოს იბრაჰიმოვიჩმა ჩაუჭრა – 1:1. გოლი კი მართლაც კურიოზული გამოვიდა, თუმცა თუ პირველ ტაიმს მხედველობაში მივიღებთ, ფრანგები გოლის გატანას აშკარად იმსახურებდნენ.

მეორე ნახევარის საწყისი 20 წუთი მოედანზე მხოლოდ პსჟ იყო. საფრანგეთის ჩემპიონს დაწინაურება არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ჰარტი თამაშობდა კარგად, ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა, რამდენჯერმე კი მიზანში ვერ მოარტყეს პარიზელებმა. თუმცა, გოლი მაინც გავიდა – ანხელ დი მარიას კუთხურს ედინსონ კავანიმ თავი შეაგება და მართალია ჰარტმა მოიგერია, მაგრამ იქვე გაჩნდა ადრიან რაბიო და ცარიელ კარში უპრობლემოდ გაიტანა. თამაში ისეთი სცენარით მიდიოდა, ადვილი შესაძლებელი იყო პსჟ-ს უპირატესობა გაეზარდა, მაგრამ რატომღაც ლორან ბლანის ბიჭები მოდუნდნენ, რის გამოც მალევე დაისაჯნენ. 72-ე წუთზე ბაკარი სანიას ფლანგური ჩაწოდებისას სერჟ ორიე და ტიაგო სილვა ცუდად გაისარჯნენ და ფერნანდიონომ საჩუქარი შეირგო – 2:2.

მერე, ანგარიში აღარ შეცვლილა და ამ დაპირისპირების მეორე რაუნდი ერთ კვირაში “ეტიჰად სთედიუმზე” გაგრძელდება, სადაც მასპინძლებს უპირატესობა ექნებათ: “სიტის” ხომ ფრეც აწყობს (0:0, 1:1)...

“პარი სენ ჟერმენი” –“მანჩესტერ სიტი” 2:2 (1:1) (მიმოხილვა)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მაყურებელი: 46 000

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; ორიე (ვან დერ ვილი 78), ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; მატუიდი, რაბიო (ლუკას მოურა 78), ტიაგო მოტა; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მწვრთნელი: ლორან ბლანი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; ნავასი, სილვა (ბონი 88), დე ბრუინი (დელფი 77); აგუერო (კოლაროვი 90)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 დე ბრუინი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (41), 2:1 რაბიო (59), 2:2 ფერნანდინიო (72)

გაფრთხილება: დავიდ ლუიზი (1), მატუიდი (48) – კლიში (11), ფერნანდო (36), მანგალა (83), ნავასი (85)

გამოუყენებელი პენალტი: იბრაჰიმოვიჩი (14)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

0.325378