რაგბი

0:15 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი ერის გასაღები კუნძულებზე
ანუ სად მარხია ექვსი ერის თავი

ბოლო დროს „ოვალური სამყარო“, განსაკუთრებით კი მისი ევროპული ნაწილი, აქტიურად განიხილავს ექვსი ერის გახსნის შესაძლებლობას და გულშემატკივრებისა თუ სპეციალისტების სრული უმრავლესობა, „ღია კარის“ გამოცხადების მომხრეა.

ფაქტობრივად ყველა ავტორიტეტული გამოცემის სრული მხარდაჭერის შემდეგ, ხმა „მსოფლიო რაგბის“ ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ბერნან ლაპასემაც ამოიღო და ღიად დააფიქსირა - „რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია ექვსი ერი გაიხსნას და დაინერგოს პირდაპირ ასვლა-ჩასვლას, ან პლეი ოფის სისტემა“ (სად იყო ეს კაცი აქამდე?).

ეს განსაკუთრებით მწარედ მოხვდათ გულზე იტალიელებს, რომლებიც დაქვეითების რეალური კანდიდატები არიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ექვსი ერის ბოლო ადგილოსანს, ანუ იტალიას, ერთა თასის გამარჯვებულთან, ანუ საქართველოსთან პლეი ოფის გამართვა მოუწევს. მაგრამ იტალიელები, რომელთაც სისტემის არშეცვლის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები მოჰყავთ, მარტონი არ არიან და მათ გარკვეულწილად მხარს ფრანგებიც უჭერენ. ალბათ, ამის მაგალითად ბერნარ ლაპორტის სიტყვები გამოდგება, რომელმაც მეხუთე ადგილზე გასული საფრანგეთის ნაკრების თამაშის შეფასებისას თქვა - ჩვენი გუნდი საქართველოს ნაკრებივით თამაშობდაო.

მოკლედ, ეს ამბავი უკვე ერთგვარ თამაშს ჰგავს, რომელშიც ექვსი ერი „ცხრაკლიტულში“ ჩაკეტილ პრინცესას ემსგავსება და მას მთავარი გველეშაპი ჯონ ფიენი (ექვსი ერის დირექტორი) ალფრედო გავაცის (იტალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი) მსგავსი დამატებითი თავების მეშვეობით იცავს. მაგრამ ყველა კარს აქვს თავისი გასაღები ან გასაღებები და თუ მას ნების არ გიღებენ, ძალით უნდა გააღო. 2000 წელს, სწორედ ასე გაუღეს კარი იტალიას, რომელსაც წარსული დაავიწყდა და ახლა იმ კარისკენ გახედვაც არ უნდა, საიდანაც ის ერთ დროს ასე მსუყე ლუკმის მისართმევად შეუშვეს.

რეალურად, კომერციულ ტურნირ ექვს ერში მოსახვედრად ორი მთავარი კრიტერიუმია დასაკმაყოფილებელი – სპორტული და ფინანსური. ვფიქრობ, სპორტული მიმართულებით მასთან ძალიან ახლოს ვართ, თუმცა, მეტი მტკიცებულებისთვის დამატებითი გასაღებები გვაქვს ასაღები. შევეცდები ავხსნა, რას ვგულისხმობ:

„ბორჯღალოსნებმა“ ექვსი ერის კარს პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე, „ხულიგნურად“ მიუკაკუნეს, როდესაც გიორგი შკინინმა ირლანდიელებს ლამაზი ლელო დაუდო, მეტოქემ გვარიანი შიში ჭამა, დასკვნით მეოთხედში მარცხს სასწაულებრივად, უფრო ქართველთა გამოუცდელობით გადაურჩა და მცირე სხვაობით, 14:10 იმარჯვა.

ამან შედეგი მალევე გამოიღო და საქართველოს ნაკრები 2008 წლის ნოემბერში შოტლანდიურ ტურნეზე გაემგზავრა, ხოლო 2009 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, „ჩერჩილის თასზე“ ითამაშა. ორივე შემთხვევაში დადასტურდა, რომ იმ დროს „ბორჯღალოსნების“ მაღალ დონეზე განხილვა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო: შოტლანდიის „ა“ ნაკრებთან 3:69 მარცხის შემდეგ, გლაზგოს ნაკრებთან გამანადგურებელი სხვაობით წაგებას იმის შედეგად გადავურჩით, რომ პირველი ტაიმის მიწურულს სტადიონზე შუქი ჩაქრა... უკეთესი შედეგი არც მომავალ წელს, „ჩერჩილის თასზე“ გვქონდა, სადაც კანადის ეროვნულმა ნაკრებმა 42:10, ირლანდიის „ა“ ნაკრებმა 40:5 და აშშ-მ 31:13 მოგვიგეს.

ყველა შემთხვევაში მარცხი იმის შედეგი იყო, რომ გუნდის მწვრთნელებმა ვერ შეძლეს უძლიერესი გუნდის შეკრება, შეკოწიწებული შემადგენლობით და დაჩქარებული ტემპებით მზადების ფონზე კი, მეტის მიღწევა უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ გუნდი უკვე გადასული იყო განვითარების ახალ ეტაპზე და 2011 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები თამაშით, ექვსი ერის კარზე უფრო დამაჯერებლად დააკაკუნა.

ამის შემდეგ ადგილ-ადგილ უკვე გაჩნდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის ექვსი ერის კარი უნდა გახსნილიყო. მაშინ არც მოთხოვნა იყო საკადრისად მძლავრი და ჩვენც არ ვიყავით ამისათვის მზად, მაგრამ „მსოფლიო რაგბისგან“ (მაშინ ჯერ კიდევ რაგბის საერთაშორისო საბჭო) მივიღეთ გეგმა პირველი გასაღების მოსაძებნად.

უწინდელზე ბევრად უფრო ძლიერ გუნდებთან ტესტ-მატჩებმა და რაც მნიშვნელოვანია, მათმა სიმრავლემ, „ბორჯღალოსნები“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე გაიყვანა. 2013 წელს სამოას ნაკრების დამარცხება, ალბათ იყო კიდეც პირველი გასაღების აღმოჩენა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში მოწინავე ათეულში მყოფი გუნდი დაამარცხა (იმ მომენტში სამოა რეიტინგში მე-8 ადგილს იკავებდა). მერე იყო კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება იაპონიის ნაკრებთან და მოდით გავიხსენოთ, რომ როგორც 2013, ასევე 2014 წლის ნოემბერში, ესენი იყო რიგით მესამე ტესტ-მატჩები, ანუ ძლიერ გუნდებს ვაჯობეთ მაშინ, როდესაც გუნდს სამკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა განვლილი.

2015 წლის თბილისის თასზე, ფაქტობრივად საქართველოს „ა“ ნაკრებმა ბრძოლაში 19:10 აჯობა ურუგვაის და მერე უშანსოდ დამარცხდა იტალიის და ირლანდიის „ა“ გუნდებთან. სამაგიეროდ, სამთვიანი ინტენსიური, ერთობლივი მზადების შემდეგ, „ბორჯღალოსნებმა“ 2015 წლის მსოფლიო თასზე არსებობის ისტორიაში საუკეთესო თამაში აჩვენეს, ტონგასა და ნამიბიის ძლევით წინდაწინ დაიბევეს 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური და ულაპარაკოდ დაიმსახურეს ექვსი ერის კარის მეორე გასაღები.

ცხელ-ცხელზე საქართველომ კიდევ უფრო „გაახურა“, ამჯერად ნაკრებს მხარში გულშემატკივარიც ამოუდგა და „დინამო არენაზე“ 55-ათასამდე ქომაგი შეიკრიბა, გუნდმა კი, რუმინეთი ისტორიული სხვაობით, ლამაზ სტილში 38:9 დაამარცხა. შედეგად, გახშირებული და გამძაფრებული საუბრების ფონზე, საქართველოს ნაკრებმა ივნისის თვეში აქამდე არნახული ტესტები მიიღო – სამოასთან, ტონგასთან და ფიჯისთან წყნარი ოკეანის კუნძულებზე.

რატომ გახდა საჭირო ეს ისტორიული მოგზაურობა? შევეცდები ავხსნა: თუ დავაკვირდებით, ბოლო სამ მსოფლიო თასზე, როდესაც საქართველოს ნაკრები სამთვიან ერთობლივ წვრთნას გადიოდა, იმ პერიოდისთვის საუკეთესო თამაშს და შედეგს აჩვენებდა; ბოლო წლებში, ნოემბრის ტესტებზე, სადაც მესამე, დასკვნითი თამაში ფაქტობრივად უძლიერეს მეტოქეებთან გვიწევდა (2014 წელს დუბლინში მგზავრობის გამოკლებით), „ბორჯღალოსნების“ ისტორიული გამარჯვებებით სრულდებოდა და ეს არ იყო „მაგიური“ 23 ნოემბრის დამსახურება – ეს იყო შედეგი, რომელიც გუნდის ხანგრძლივი პერიოდით ერთად ყოფნის, შეთამაშების შედეგად დადგა.

შევძლებთ კი ერთკვირიანი მზადების ფონზე ევროპის უძლიერეს გუნდებთან ტოლსწორად თამაშს? ალბათ ვერა და მსგავს მოსაზრებას იზიარებენ საქართველოს ნაკრების ლიდერები – კაპიტანი მამუკა გორგოძე და აწ უკვე ყოფილი „ბორჯღალოსანი“ დავით ზირაქაშვილი. თუმცა, ექვსი ერის დასკვნით ტურში, ალბათ, ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით. აქ შეიძლება ვინმე შემედავოს, ექვსი ერის სხვა გუნდებიც ხომ იგივე სიტუაციაში იქნებიან? დიახ, ასეა, და ტურნირის სტარტზე შეთამაშების ნაკლებობა მათზეც მუდამ აისახება, მაგრამ ერთად ყოფნის შედეგად, საქართველოს ნაკრები უფრო მეტად უმატებს, ვიდრე ექვსი ერის წარმომადგენლები, რადგან მიუხედავად „ბორჯღალოსნების“ დიდი პატივისცემისა, ისინი ჩვენზე უფრო მაღალი დონის გუნდები არიან და ბევრად ნაკლებ დროში ახერხებენ შეთამაშებას თუ სათამაშო ელემენტების დახვეწას, ვიდრე საქართველო ნაკრების წევრები.

და მეორე მიმართულება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ნაკრებს სამი-ოთხი ლიდერის გამოკლება, უფრო მეტად ეტყობა, ვიდრე ექვსი ერის ნებისმიერ წარმომადგენელს (აქ გამონაკლისი იტალია უნდა იყოს). წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, სწორედ ლიდერების არყოფნა და საშეკრებო დროის ნაკლებობა ხდებოდა ნოემბრისა თუ ივნისის ტესტ-მატჩებში გაუთვალისწინებელი და დიდი სხვაობებით მარცხის შედეგი. ანუ საქართველოს ნაკრების შეცვლის სიღრმეები ისეთივე არ იყო, როგორც მოწინავე ათეულის ქვეყნებს ჰყავს და ეს გასაკვირი სულაც არაა.

ახლაც, ივნისში, კუნძულებზე საქართველოს ნაკრები ვერ გაემგზავრება უძლიერესი შემადგენლობით. საფრანგეთში, სადაც ნაკრების ლიდერთა უმეტესობა ბაზირებს, რეგულარული გათამაშება 5 ივნისს სრულდება, ტურნეს პირველი მატჩი კი, 11 ივნისსაა დანიშნული. ვიტო კოლელიშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა, ვასილ კაკოვინი – ეს ის მორაგბეები არიან, რომელთა გუნდებსაც პლეი ოფში გასვლის დიდი შანსი აქვთ.

დავუმატოთ ამათ პრო დ2-ის ლეგიონერები – ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან დათუნაშვილი, მერაბ შარიქაძე, ლაშა ლომიძე, ვახტანგ მაისურაძე, რომელთა გუნდებსაც ერთი კვირით ადრე ეწყებათ პლეი ოფი, მაგრამ მათგან რომელიმეს გადამწყვეტ მატჩში მოუწევს მონაწილეობა და დანაკლისის ხარისხი თავისთავად ცხადი გახდება. დიახ, ოფიციალურ ტესტ-მატჩებში კლუბებს უფლება არა აქვთ მორაგბეები არ გაუშვან, მაგრამ ფაქტია, ზემოთჩამოთვლილთაგან ნაწილს, ოკეანეთში მგზავრობა აღარ მოუწევს.

აი, აქ უახლოეს რეზერვს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მათ უნდა შეძლონ სამოას, ფიჯის და ტონგას ძლიერ ფორმაში მყოფ გუნდებთან ძლიერად თამაში, თორემ ღმერთი გვფარავდეს და „ჩერჩილის თასის“ მსგავსად დიდი სხვაობებით მარცხის შემთხვევაში, არავინ დაგვინდობს და ყველა ნიშნის მოგებით გვეტყვის – ესეც თქვენი ექვსი ერის ამბიციებიო. აი ამიტომაა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ექვსი ერის მორიგი გასაღები და იქიდან „ოვალურ სამყაროს“ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ უკვე ორი მეტნაკლებად თანაბარძალოვანი გუნდის შეკრება შეგვიძლია და საჭიროების შემთხვევაში, ლიდერების არყოფნაში, ექვსი ერის შეხვედრებში თამაშის დონის შენარჩუნებას მოვახერხებთ.

ამავე პერიოდში, წყნარი ოკეანეთის კუნძულებიდან დაახლოებით 16 ათასი კილომეტრის დაშორებით, ბრიტანეთის კუნძულზე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რანგით მეორე სარაგბო ტურნირში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ითამაშებს პლანეტის 11 საუკეთესო გუნდთან ერთად. ალბათ ზედმეტიც კია იმაზე საუბარი, თუ რა დატვირთვის მატარებელი იქნება ეს ტურნირი ქართული რაგბის მომავლისთვის.

არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი იტალიელები მომავალზე აპელირებენ და ამბობენ – ისეთი თაობა მოგვდის, აგერ ნახეთ 2-3 წელიწადში სად ვიქნებითო. ამ დროს ისინი შეგნებულად ივიწყებენ, რომ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონში, ბოლო წლებში ქართველებისგან რამდენიმე მარცხი იწვნიეს და მხოლოდ ერთხელ გვაჯობეს. ახლა ქართველებს ეძლევათ შანსი, რომ მათი ეს არგუმენტი გააქარწყლონ და არა მხოლოდ იტალიელთა ძლევით ისინი გააჩუმონ, არამედ ქართული რაგბის მომავალი მთელს მსოფლიოს დაანახონ და „მომავლის არგუმენტი“, ფაქტებით გამყარებული, ჩვენი სასწორის პინაზე დადონ.

მოკლედ, ივნისში, პლანეტის ორ სხვადასხვა წერტილში, კუნძულებზე ჩვენი გვაქვს დასამტკიცებელი და სპორტული კუთხით მორიგი გასაღები მოსაპოვებელი, ექვსი ერისთვის მნიშვნელოვან, ფინანსურ არგუმენტზე კი, სხვა სტატიაში ვისაუბროთ.

www.worldrugby.ge

0.138473