ფეხბურთი

1:58 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსამ" პირველი რაუნდი მოიგო (+VIDEO)

კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გამარჯვებული ზუსტად ერთი კვირის თავზე, “ვისენტე კალდერონზე” გაირკვევა. დღეს, “კამპ ნოუზე” გამართული თამაში ისეთი ანგარიშით დასრულდა, რომ თუ ვინ გავა ნახევარფინში წინასწარ თქმა, ძალიან ძნელია.

არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა დღევანდელი მატჩი, რომ არა 35-ე წუთზე მოხდარი ფაქტი. სერხიო ბუსკეტს მოედნის ცენტრში ფერნანდო ტორესი ეუხეშა მეტად უწყინარ სიტუაციაში და ვინაიდან მანამდე ერთი ყვითელი მიღებული ჰქონდა, მოედანი ნაადრევად დატოვა. საბოლოო ჯამში, ტორესს ორი გაფრთხილება ეკუთვნოდა, მაგრამ ასეთი დონის მატჩებში მსაჯები ხშირად უფრო ლოიალურნი არიან ხოლმე და თანაც, ტორესზე ერთ-ერთ ეპიზოდში სიტყვიერი გაფრთხილების მიცემაც შეიძლებოდა, რაც ფელიქს ბრიხმა, გერმანელმა არბიტრმა არ გააკეთა. სამაგიეროდ, მანვე ლუსი სუარესის ძალზე მძიმე უხეშობა ვერ შენიშნა მეტოქის საჯარიმოში, როდესაც ურუგვაელმა მოწინააღმდეგ წიხლი უთავაზა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... თუმცა, რაც იყო, იყო. დიეგო სიმეონე უკმაყოფილებას ვერ მალავდა და ალბათ, მართალიც გახლდათ.

რაც შეეხება თვითონ თამაშს: როგორც მოსალოდნელი იყო გუნდებმა ფრთხილად თამაში დაიწყეს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცმა აღნიშნა, რომ სიურპრიზს ერთმანეთისგან არ ელოდნენ, რადგან კარგად იცნობენე ერთმანეთს. ჰოდა, ასეც მოხდა. ერთი ეგაა, პირველი ტაიმი, განსაკუთრებით კი მანამდე, სანამ “ატლეტიკო” სრული შემადგენლობით იყო მოედანზე, უპირატესობას “როხიბლანკო” ფლობდა. კატალონელებს თავის მარწუხებში მეტოქის მოქცევა ძალზე უჭირდათ. ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან სიმეონემ დაცვაში ნამდვილი ეშელონები ააშენა. სამაგიეროდ, 25-ე წუთზე კოკემ ერთი მშვენიერი პასით “ბარსას” დაცვის ცენტრი მთლიანად დაშალა და ტორესმაც ერთი შეხებით დაარტყა – ტერ შეტეგნმა კი თავის მხრივ ფეხების შეტყუება ვერ მოასწრო და ბურთის კარის ბადიდან გამოტანა მოუწია. ერთი გოლის გატანაც საპლეი-ოფო მატჩებში სტუმრად ბერვს ნიშნავს და ამის შემდეგ მადრიდელებმა თავის დაცვა კიდევ უფრო ორგანიზებულად დაიწყეს. ამასთან, არც შეტევა ავიწყდებოდათ და კინაღამ მეორეც შეაგდეს, როცა ტორესის ჩინებული პასის მერე ანტუან გრიზმანი ურტყამდა, მაგრამ “ბლაუგრანას” კარის დარაჯმა უკეთ ითამაშა.

მეორე ტაიმი კი სრულად მასპინძელთა გამოდგა. კაცნაკლულმა “ატლეტიკომ” ვერ გაძლო და ორი გოლი გაუშვა. ისე, თავისუფლად შეიძლებოდა მეტიც გაეშვა – ნეიმარმა ხარიხას გაარტყა, მესიმ მაკრატელა ოდნავ ააცილა, რამდენჯერმე კი იან ობლაკმა ითამაშა კარგად. სლოვენიელი კიპერი ორჯერ ვერაფერს გახდა და ორჯერვე ლუის სუარესის დარტყმულ ბურთებს ვერ გაუმკლავდა. ჯერ, როცა ჟორდი ალბას აქტიურობის შედეგად ცარიელ კართან იდგა და ბურთს ფეხი დაუხვედრა, მერე კი უკვე მაღალი კლასის ხარჯზე გაიტანა: დანი ალვეშმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ეულად მყოფი ურუგვაელი შენიშნა და მანაც თავით მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა – 2:1.

სწორედ ამ ანგარიშით გაგრძელდება “ბარსა” – “ატლეტიკოს” მეორე რაუნდი მადრიდში. წინასწარ რამეზე საუბარი რთულია, რადგან “ატლეტიკო” შინ უკეთ თამაშობს, სტუმრადაც გოლი აქვს გატანილი. თავის მხრივ, “ბარსელონა”, ხომ “ბარსელონაა”... ერთი კი ნათელია: ფეხბურთის გურმანთ კიდევ ერთი, გაცილებით საინტერესო 90 წუთი დამდეგ კვირაში ელოდებათ.

“ბარსელონა” – “ატლეტიკო” 2:1 (0:1) (მიმოხილვა)

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 88 534

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი (რაფინია 64), ბუსკეტსი (სერხი რობერტო 80), ინიესტა (არდა თურანი 83); მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“ატლეტიკო” (4-3-3): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ერნადესი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი (კორეა 90); გრიზმანი (ტომასი 76), ტორესი, ფერეირა-კარასკო (ფერნანდესი 53)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 ტორესი (25), 1:1 სუარესი (63), 2:1 სუარესი (74)

გაფრთხილება: ბუსკეტსი (48), სუარესი (70), მასკერანო (82) - ტორესი (29,35), კოკე (33), ფილიპე ლუისი (61), გრიზმანი (73), ჰერნანდესი (78), ობლაკი (79), ფერნანდესი (86)

გაძევება: ტორესი (35)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

0.282196