ჩოგბურთი

22:05 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი და შაფათავა: უზბეკეთში მარცხის გარეშე

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა უზბეკეთის ქალაქ კარშიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.

მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელი შონიქმატჯონ შოფაიზიევი 7:6 (7:4), 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს ვიტალი კოზიუკოვს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა თანამემამულე მარკოს კალოველონისს 4:6, 6:3, 6:2 სძლია.

წყვილთა ტურნირში მეტრეველმა და ბელარუსმა ილია ივაშკამ რუს ჩერვიაკოვს და ყაზახ ევსეევს 4:6, 6:1, 10:5 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-2 განთესვის მქონე ბელგიურ დუეტს (ჟილე-ვლიეგენი) ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ კარშიში ვაჟთა ტურნირის პარალელურად ქალთა 25-ათასიანი პირველობაც მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავაც ასპარეზობს.

წყვილთა ტურნირში შაფათავამ და რუსმა ოლგა დოროშინამ მე-3 ნომრად განთესილ სერბულ-ბულგარულ დუეტს (სტოიანოვიჩი-ტერზისკა) 6:3, 6:3 სძლიეს. მეოთხედფინალში სოფო და ოლგა “უაილდ ქარდის” მქონე უზბეკებს – ხატამოვას და იუსუპოვას დაუპირისპირდებიან.

ერთეულთა შეჯიბრში მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავამ უკრაინელი ვერონიკა კაპშაი 6:4, 5:7, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში სლოვაკი რებეკა სრამკოვას პირისპირ დადგება.

0.122219