რაგბი

14:51 | 5.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარ ლაპასე: “6 ერის ფორმატი უნდა შეიცვალოს”

საქართველოსა და რუმინეთს 6 ერში თამაშის შესაძლებლობა უნდა მიეცეს – აცხადებს მსოფლიო რაგბის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე.

„6 ერის ფორმატში ცვლილებია საჭირო. ეს ტურნირი უნდა გაიხსნას – ან პირდაპირი გზით ან კი პლეი-ოფის სისტემის მეშვეობით“, - აღნიშნა ლაპასემ ფრანგულ მედიასთან (“ლე ფიგარო”).

პლეი-ოფი დაინიშნება იმ გუნდთან, რომელიც 6 ერის ტურნირში ბოლო ადგილს დაიკავებს, მოწინააღმდეგე კი მეორე დონის რაგბი ევროპის გამარჯვებული გუნდი იქნება, რომელიც წელს საქართველო გახდა.

რუმინეთის მთავარი მწვრთნელი უელსელი ლინ ჰოუელსი, რომლის გუნდიც რაგბი ევროპის ფინალში საქართველოსთან დამარცხდა, ლაპასეს იდეას მხარს უჭერს.

„ის მართალია. პრობლემის მიზეზთა 90 პროცენტი, რაზეც ყველა თანხმდება – ფინანსებია. ვფიქრობ, ამიტომ პლეი-ოფი ყველაზე სამართლიანი გზაა ამის გადასაწყვეტად“ - აცხადებს ჰოუელსი, რომელიც 2001 წელს უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყო.

6 ერი 2000 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც 5 ერს მე-6 იტალია დაემატა. წლევანდელ ტურნირში იტალიამ კვლავ “ხის კოვზი” მიიღო, თუმცა ბოლო ადგილი ტურნირში შოტლანდიას, უელსს და საფრანგეთსაც დაუკავებიათ.

ლაპასე, რომელსაც მალე ინგლისელი ბილ ბომონტი შეცვლის, აცხადებს, რომ ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება „რათა ამ გუნდებს იმედი მიეცეთ“.

ჰოუელსის თქმით, მსოფლიო რაგბი ცდილობს საქართველოსა და რუმინეთს თანაბარი შანსები მისცეს. 2016 წელს საქართველო შოტლანდიას შეხვდება, 2018 წელს კი რუმინეთი იტალიასთან გამართავს ტესტს.

წყარო

www.rugby.ge

0.126108