რაგბი, მორაგბეები - საქართველოში უკვე ერთგვარ ბრენდად იქცა და ის კარგ, ერთგულ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებთან ასოცირდება. ასეა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ამ თამაშის არსს ჩაწვდნენ.
რაგბისა და მორაგბეების ცოდნასა თუ შეფასებაში, ბრიტანელებს აბა ვინ შეედრება, თუმცა ჩვენი აზრით, ქვემოთ მოყვანილ სტატიაში ქართული გვარებიც უნდა ფიგურირებდეს. ასეა თუ ისე, გთავაზობთ პლანეტის ყველაზე მამაცი მორაგბეების თხუთმეტეულს, რომელიც Telegraph-მა გულშემატკივართა გამოკითხვის მიხედვით გამოავლინა:
1. შეინ უილიამსი
შეუძლებელია დაივიწყო მის მიერ დადებული ლეგენდარული ლელოები, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენთ, როგორი დიდი ძალისხმევა დასჭირდა უელსელ გარემარბს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გასულიყო. 2 წლის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი ფიზიკური მონაცემები, მეტად ტანმორჩილი გახლდათ. ასეთ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი დანებდებოდა, მაგრამ არა უილიამსი...
2. ტიმ ჰორანი
არანორმალური სიჩქარე, ბალანსი, ბურთის ფლობის შესანიშნავი ტექნიკა და გამბედაობა - ყველაფერი ეს ავსტრალიელ მორაგბეში, ტიმ ჰორანში ერთიანდებოდა. 1994 წელს მან სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც ერთ წელიწადზე მეტი გაუცდა, თუმცა ლეგანდარული 12 ნომერი რაგბიში დაბრუნდა და კიდევ უფრო მეტად გაიბრწყინა.
3. ფაბიენ გალტიე
ფაბიენ გალტიე ერთ-ერთი ყველაზე პატარა 9 ნომერი იყო საფრანგეთის სარაგბო ისტორიაში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია პირისპირ შეხვედროდა ლეგენდარულ ჯონა ლომუს 1999 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალში. ფოტოზე ასახულია როგორ უშიშრად ცდილობს შეებას ზელანდიელს. ამ დაქტთან დაკავშირებით გაზეთები წერდნენ: „ფაბიენ გალტიე, ალბათ, ტანით ყველაზე პატარა იყო მოედანზე, თუმცა მან ყველას დაგვანახა, როგორ უნდა მოვიკრიბოთ ძალები და შევებათ ისეთ ტიტანს, როგორიც ჯონა ლომუა. ეს იყო დღე, როდესაც მთელი საფრანგეთი ერთი ტანმორჩილი ფაბიენის სიმამაცემ გადაარჩინა“.
4. ჯონ ფერგიუს სლეთერი
სისწრაფე, სიმამაცე და მოწინააღმდეგისთვის შემაძრწუნებელი, ძალიან ძლიერი ხელები - ირლანდიელ ფერგიუსს ყველა ის დამახასიათებელი თვისება ჰქონდა, რაც უნდა ჰქონოდა ტიპურ 7 ნომერს. მის შესახებ წერდნენ: „ლეგენდარული ფერგიუსი ყოველთვის უშიშრად ხვდებოდა ყველა წინააღმდეგობას, მაშინ, როდესაც სხვები ნებდებოდნენ. სწორედ ამიტომ, ის ღირსეულად იკავებს ადგილს რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში“.
5. ჯონ პიტერ რის (J.P.R) უილიამსი
როდესაც სიმამაცეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს უელსელი ფულბექი ჯონ უილიამსი.1978 წელს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩისას უილიამსს ყბა მთლიანად დაეფლითა, მაგრამ ამით არ შემდრკალა - აუღელვებლად დატოვა მოედანი, დაზიანებული ადგილი შეიხვია და ისევ დაბრუნდა თანაგუნდელების დასახმარებლად.
6. ჯონი უილკინსონი
ინგლისელი ჯონი უილკინსონი მსოფლიოს საუკეთესო მგეზავებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს. მასზე გაზეთებში წერდნენ: „ჯონი უილკინსონი შეუცვლელი იყო თავის პოზიციაზე. 2004-2005 წლებში მას ჰქონდა მხრის, კოჭისა და მუხლის ტრავმები, მაგრამ გუნდის დასახმარებლად ძალები მოიკრიბა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი მაინც ჩაატარა“.
7. ბრაიან ო’დრისკოლი
მართალია, თავდაპირველად ირლანდიელი შუამარბი ბრაიან ო’დრისკოლი არ გამოირჩეოდა შესაბამისი ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ ცდა არ დააკლო, რომ თავისი ტალანტი წარმოეჩინა. სისწრაფე, სიძლიერე, სიმამაცე, ჩინებული თავდაცვის უნარი და შემტევი ხასიათი - ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ სრულყოფილი 7 ნომერი გამხდარიყო და ამას მიაღწია კიდეც.
8. სხალკ ბურგერი
სამხრეთ-აფრიკელი სხალკ ბურგერი ფიზიკური მონაცემების მიხედვით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა რაგბის სამყაროში. „სპრინბოკის“ ყოფილმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა მას „სალეწი მანქანაც“ კი უწოდა. არ უშინდებოდა ეთამაშა ტრავმითა და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებით, რადგან ძლიერი წადილი ჰქონდა, რომ მიეღწია კარიერული მწვერვალისთვის. ბურგერი იყო ადამიანი, რომელიც სუნთქავდა და ცოცხლობდა რაგბით.
9. რიჩი მაკქოუ
„ოლ ბლექსის“ მთავარი მწვრთნელი სტივ ჰენსენი ზელანდიელ ლეგენდაზე ამბობს: „ის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა მსოფლიო რაგბის ისტორიაში. რიჩი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაუფიქრებლად დაღვაროს სისხლი ნაკრებისა და ქვეყნის დიდებისთვის. მისთვის არ არსებობს ცნება - რა იქნება ჩემთვის უკეთესი, მაკქოუ მხოლოდ იმას ფიქრობს, თუ რა იქნება უმჯობესი გუნდისთვის. შეუძლია მამაცურად და თავდაუზოგავად იბრძოლოს თანაგუნდელებისთვის“.
10. ჯოსტ ვან დერ ვესტჰუიზენი
სამხრეთ-აფრიკელი ლეგენდარული 9 ნომერი ჯოსტ ვესტჰუიზენი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო თავდაუზოგავად მოედანსა თუ მოედანს მიღმა. რაგბიში არასდროს უშინდებოდა მოწინააღმდეგესთან პირისპირ შეხვედრას და ასევე უშიშრად ცდილობდა გამკლავებოდა მოტორული ნეირონის დაავადებას - სირთულეებთან გამკლავება მისი სარაგბო თუ პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.
11. უეინ შელფორდი
„ოლ ბლექსის“ ლეგენდარულ 8 ნომერს უეინ შელფორდს საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას 4 კბილი ჩამოუღეს, თუმცა უეინი ამას არ შეუჩერებია. დროებით მოედანი დატოვა, რამდენიმე ნაკერი დაიდო და ისევ თანაგუნდელების მხარდამხარ გააგრძელა თამაში. გულშემატკივრების გადმოცემით, „ცხოველად“ წოდებულ შელფორდს თამაშის დღეს კონტუზიაც დაუდგინეს, მაგრამ უეინს მატჩის გამოტოვება აზრადაც არ მოსვლია.
12. ჟან-პიერ რივსი
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფლანკერი ჟან-პიერ რივსი გულშემატკივართათვის საკულტო ფიგურად იქცა. ინგლისელი უილ კარლინგი მის შესახებ წერდა: „რამდენადაც გულმართალი იყო თანაგუნდელებისთვის, იმდენად ჟინიანი გახლდათ მეტოქისთვის. რივსი ყველაზე მამაცი და უშიშარი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია“.
13. მარტინ ჯონსონი
ნათქვამია - საუკეთესო ლიდერია ის, ვინც სტიმულს აძლევს თანაგუნდელებს და ეხმარება, რომ რეიტინგის სათავეში მოექცნენ. სწორედ ასეთი იყო ინგლისელი მეორეხაზელი მარტინ ჯონსონი. მისი სარაგბო დევიზი იყო - „ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უბრალოდ გააგრძელე წინსვლა“. ფოტოზე ასახულია მარტინ ჯონსონი „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ კვართით, ამ მატჩში ატეხილი ჩხუბისას ნაკერები გაეხსნა, იძულებული გახდა, რომ დროებით მინდორი დაეტოვებინა, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა მოედანზე და შეწყვეტილი მუშტი-კრივი „სისრულეში“ მოიყვანა.
14. ლევის მუდი
ინგლისელ ფლანკერ ლევის მუდს, ალბათ, ყველაზე მეტი მოტეხილობა ჰქონდა მსოფლიო რაგბის ისტორიაში. როგორც თანაგუნდელები ამბობენ, „დაზიანებებმა მას მრისხანე სახე უანდერძა“, ამის გამო ლევისს „შეშლილ ძაღლს“ უწოდებდნენ. მარტინ ჯონსონი კი მის შესახებ ამბობს: „ლევის მუდი ყველაზე ერთგული და უშიშარი ადამიანია, ვის გვერდითაც მე მითამაშია. შეხედეთ მის გარეგნობას, ის მისი მამაცი ბუნების დამადასტურებელია“.
15. ჟაკ ბურგერი
ნამიბიელი ჟაკ ბურგერი არასდროს ყოფილა მორცხვი და მოკრძალებული მოედანზე, როგორც გულშემატკივრები აღნიშნავენ, მრავალჯერ გატეხილი ცხვირი მის სარაგბო წარსულს მოგვითხრობს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: „ცხვირი ძალიან ბევრჯერ მაქვს დაზიანებული, ეს ისეთი შეგრძნებაა, როდესაც ვერ დგები საწოლიდან და ყველაფერი გტკივა, მაგრამ ჩემს ნაკრებს სჭირდებოდა და მათთვის თავი გადავდე. ხშირად მითქვამს საკუთარი თავისთვის, რომ აღარ შემეძლო თამაშის გაგრძელება, მაგრამ საქმე მაინც ბოლომდე მიმყავდა. ბევრი ფიქრობს, რომ რაგბი სასტიკი თამაშია, თუმცა, ჩემი აზრით, სპორტის ეს სახეობა იმიტომაა გამორჩეული, რომ განსაკუთრებულად გჭირდება ძალების მობილიზება და სიმამაცის გამოჩენა. მე ის მიყვარს“.
ელენე ლომსაძე