ლაშა დვალი პოლონურ “შლიონსკს” კარგად რომ შეეწყო, ამის შესახებ ადრეც დაგვიწერია. გასულ პარასკევს დვალის გუნდმა გასვლაზე 1:0 სძლია პოზნანის “ლეხს” და მართალია, ისევ ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ ბოლო ტურებში პროგრესი აქვს. კონკრეტულად დვალს პოლონური პრესაც აქებს და Gol24-მა “ლეხთან” მატჩში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ლაშამ 8,0 მიიღო შეფასებად, “შლიონსკში” კი უკეთესი შეფასება მხოლოდ გოლის ავტორ მორიოკას არგუნეს – 8,5.
“მისტერ მორიოკა და ბეტმენი დვალი” – ასე ასათაურებს სტატიას პოლონური საიტი და იქვე წერს, რომ ქართველმა მცველმა საიმედოობა შესძინა “შლიონსკის” დაცვას. ის შეტევისთვისაც იცლიდა და უშუალო მოვალეობასაც კარგად ასრულებდა.
“დაცვაში უშეცდომო იყო. ამ ბიჭის თამაშის ყურება სასიამოვნოა. დრიბლინგი მეტოქის საჯარიმოში? შეასრულა. თავით თამაში და ზუსტი გრძელი პასი? რა თქმა უნდა”.