ფეხბურთი

23:29 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქობულეთში მომხდარ ამბავს ხვალ განიხილავენ
თბილისის "დინამოს" განცხადება

როგორც იცით, გასულ ტურში ქობულეთის "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩის (1:2) დროს, გულშემატკივართა შორის ჩხუბი მოხდა. ჯერ იყო სიტყვიერი შელაპარაკებები, მერე კი ხელჩართული ჩხუბი დაიწყო და სტადიონის გარეთაც გაგრძელდა.
სამართალდამცავებმა "დინამოს" რამდენიმე ფანი დააკავეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს 250 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
ამ ამბავს ხვალ განიხილავენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ბათუმის "დინამოს" დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა კომენტარისგან თავი შეიკავა - სჯობს, ვითარება ჩაწყნარდესო.
ორივე გუნდის ფან-კლუბმა გაავრცელა განცხადება და ორივე მხარე აცხადებს,რომ კონკრეტულად ფან-კლუბის წევრებს შორის არ მომხდარა დაპირისპირება და ერთმანეთს პატივის სცემენ, მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ამას წერენ როგორც "გლადიატორები" (თბილისის "დინამოს" ფან-კლუბი), ასევე "პირატები" (ბათუმის "დინამოს" ფან-კლუბი). ამის შესახებ, განცხადებები უკვე გვეწერა და აღარ გავიმეორებთ.
აქვე, თბილისის "დინამოს" განცხადება: "2 აპრილს, ქობულეთში ჩელე არენაზე გამართულ მატჩზე (დინამო ბათუმი - დინამო თბილისი), სტუმარი გუნდის ქომაგებს მასპინძელი გუნდის და საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით ადგილი გამოეყოთ მოედნის დასავლეთ ტრიბუნაზე, ადგილობრივი ქომაგების გვერდით. ჩვენი კლუბის წარმომადგენლები, დილიდან თხოვდნენ როგორც ბათუმის "დინამოს", ისე ფედერაციის წარმომადგენლებს, რომ მიეღოთ პრევენციული ზომები და კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით თბილისელი გულშემატკივრები გადაეყვანათ ჩრდილოეთის ტრიბუნაზე - მოედნის სწორედ ამ ნაწილში იყრიდნენ თავს განვლილი წლები თბილისის "დინამოს" ქომაგები და 2 აპრილის მსგავს ინციდენტს წარსულში ადგილი არ ჰქონია. მატჩის ორგანიზატორების მხრიდან სათანადოდ ვერ შეფასდა სიტუაცია და მოსალოდენელი საფრთხეები, რამაც საბოლოოდ განაპირობა ის ინციდენტი და უსიამოვნო ფაქტი, რაც შეხვედრის მიმდინარეობისას "ჩელე არენაზე" დაფიქსირდა".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108773