დაფიქრებულხართ, რატომაა ფეხბურთი მსოფლიოში ნომერ პირველი სახეობა, რატომაა ფეხბურთი ყველაზე პოპულარული და რაში მდგომარეობს მისი მთავარი ხიბლი? – თქვენი არ ვიცი და, ჩემი აზრით, იმაში, რომ წინასწარ გათვლებსა თუ პროგნზებს ვერ გააკეთებ.
აბა, ვინ წარმოიდგენდა ჯერ კიდევ 7 თვის წინ, რომ “ლესტერ სიტი”, რომელიც მანამდე მხოლოდ პრემიერლიგიდან ქვედა ლიგებში აღმასვლა-დაღმასვლით თუ მოიწონებდა თავს, დღეს საფეხბურთო სამყაროს საუბრის უპირველესი თემა იქნებოდა. მე ნამდვილად ვერ და ალბათ ვერც უმეტესი თქვენგანი. სეზონის წინაც რაიმე განსაკუთრებული ტრანსფერი, ისეთი, ადამიანს რომ გეფიქრა გუნდი თუნდაც ევროზონაში მოხვედრისთვის იბრძოლებსო არ გაუკეთებია. ეგ კი არა, მწვრთნელადაც დრო მოჭმული კლაუდიო რანიერი მიიწვიეს, რომელიც მანამდე 25 წლიან კარიერაში მხოლოდ იმით თუ დაიკვეხნიდა, რომ აწყობილი და ჩინებული ფეხბურთის მოთამაშე ესპანური “ვალენსია” ერთ ჩვეულებრივ გუნდად აქცია... ერთი კი იყო: იმავე “ვალენსიას” ევროპის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ ვეჭვობ, ეს უფრო მისი წინამორბედი გუნდის ამოძახილი წარმატება გახლდათ, ვიდრე რანიერის განსწავლულობის. ან ასე შორს რატომ მივდივართ, როცა მანამდე საბერძნეთის ნაკრებში კატასტორფულად მანამ იმუშავა, სანამ მთელ საბერძნეთს თავი არ შეაზიზღა... თუმცა, ახლა, იტალიელი გმირია, ოღონდ არა ელადების ქვეყანაში, არამედ პატარა ალბიონურ ქალაქ ლესტერში...
პრემიერლიგა ბევრის აზრით, მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატია, ბევრის აზრით, კონკურენცია იქ მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენ საფეხბურთო ლიგებში, მაგრამ აგერ უკვე 31 ტურმა განვლო და ცხრილის სათავეს რომ ჩახედოთ იქ ვერც არაბული ფულით ავსებულ “სიტის” აღმოაჩენთ, ვერც ამაყ “იუნაიტედს”, ვერც მარად პერსპექტიულ “არსენალს”, ვერც ვარსკვლავურ “ჩელსის” და ვერც იურგენ კლოპის “ლივერპულს”; სამაგიეროდ, “ლესტერს” დაინახვათ, თავის რანიერ-მაჰრეზ-ვარდიანად...
ისე, პატივცემული ჯეიმი თავისი გვარის გამო ქართველების ქილიკისა თუ გახუმრების ობიექტი მიმდინარე სეზონში არაერთხელ გამხდარა, მაგრამ ეს ვარდის რაში ენაღვლება? – კაცი პრემიერლიგის ტიტულთან ძალზე ახლოსაა და მიუხედავად ასაკისა და წარსულში დაბალი დონის საფეხბურთო კარიერისა... “ეპლის” დასრულებამდე სულ რაღაც 6 ტურია დარჩენილი და “მელიები” ისეთ ჰანდიკაპს ფლობენ, ახლა ჩემპიონები რომ ვერ გახდნენ, ისეთივე მოულოდნელობა იქნება, როგორც მათი გაჩემპიონება იქნება სიურპრიზი მთელი სამყაროსთვის.
31 თამაში და მხოლოდ 3 წაგება – აქედან ორჯერ “არსენალთან” (2:5, 1:2) და ერთხელაც “ლივერპულთან” “ენფილდზე” (0:1); სულ ესაა, დანარჩენი 28 შემთხვევიდან “ლესტერმა” მოედანი მინიმუმ ქულით დატოვა და ახლა მდევარ “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს. მშვენიერი ჰანდიკაპია, წესით უნდა იჩემპიონოს თუ...
თუ “ლესტერმა” წარმატება ნაადრევად არ დაიჯერა, მაგრამ ესეც ნაკლებ სავარაუდოა: პატივცემული რანიერი წამდაუწუმ გაიძახის, ჩემპიონობა ჩვენი საქმე არაა, ამაზე არ ვფიქრობთ და ჩვენი საზრუნავი მხოლოდ თამაშიდან თამაშამდე კონცენტრირებაოო... – პროფესიონალური და მშვენიერი მიდგომაა, ვერაფერს დავუწუნებთ და ვნახოთ, რამდენად გაუძლებს უჩვეულო სიტუაციას “სიტი” დარჩენილ ტურებში.
და მაინც, რატომ უჩვეულო? – “ლესტერს” თავისი საჩემპიონო რბოლა შარშანაც ჰქონდა, როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ბოლო ადგილზე უიმედოდ იყო დალექილი და თითქოს ჩემპიონშიპში გავარდნა არ უნდა ასცდენოდა, მაგრამ სეზონის ფინიშზე დიდებული სპურტი მოაწყო და 8 მატჩში 22 ქულა დააგროვა. ანუ, 2-ით მეტი, ვიდრე მთელ 30 ტურში... მაშინ ლესტერელებმა თავიანთი ოქრის მედალი მოიგეს, ახლა უკვე ნამდვილ ოქროს მედლისთვის უწევთ ბრძოლა. შარშანდელ “ლესტერში” რანიერი საერთოდ არ იყო, ვარდი და მაჰრეზი იყვნენ, მაგრამ არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან... მოკლედ, “ლესტერს” ყველაფერი თავის ხელში აქვს მომწყვდეული და საფეხბურთო ისტორიის გადატრიალებამდე ძალიან, ძალიან ცოტაღა უკლია.
ისე, ბედის ირონიაა, ზუსტად ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს “მელიები” პრემიერლიგის ბოლო საფეხურზე იმყოფებოდნენ და სამშვიდობო ზონამდე 7 ქულა აშორებდათ. ახლა, ყველაფერი პირიქითაა: პირველ პოზიციას ამაგრებენ და მდევარს იმდენივე ქულით უსწრებენ, რამდენითაც შარშან ჩამორჩებდნენ – საფეხბურთო რევოლუციაც ამას ჰქვია, ოღონდ პირადი რევოლუცია.
“სანდერლენდი”, “ვესტ ჰემი”, “სუონსი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ევერტონი”, “ჩელსი” – ეს კი, იმ გუნდთა ჩამონათვალია, რომელთა ბარიერის დაძლევაც რანიერის ოქროს ბიჭებს სანუკვარ მიზნამდე მოუწევთ. ისე, როგორიც არ უნდა გამოუვიდეს ამ გუნდს ფინიში, თუ “ლესტერის” გულშემაკივარი ხარ, მანც უნდა იამაყო, რომ “ლესტერის” ფანი გქვია – ეს ერთეულთა ხვედრია, ასეთ საჩუქარს ერთეულებს უკეთებენ ხოლმე. “ლესტერმა” კი თავის ფანებს წელს არნახული საჩუქარი უკვე გაუკეთა. და ვინ იცის, იქნებ უკეთესს უმზადებს კიდეც...