საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამსუნის გრან პრი ოქროს ვერცხლისა და ბრინჯაოს თითო მედლით ჩაამთავრა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა სამივე მედალი დღეს მოიპოვა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილი ავიდა. მძიმეწონოსნებმა ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა კი მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
ღვინიაშვილს წილისყრისას არ გაუმართლა, სატურნირო ბადეში უმთავრესი ფავორიტის - პირველ ნომრად განთესილი აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვის სიახლოვეს მოხვდა. მათი გზები მეორე წრეში იკვეთებოდა. იქამდე კი ქართველ ძიუდოისტს თურქი ენაშ თათარი უნდა დაემარცხებინა. ბექამ პირველი ზღუდის დასაძლევად 58 წამი იკმარა.
ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება კიდევ უფრო სწრაფად დასრულდა. ბექა ღვინიაშვილმა გასიმოვი ხელში აიტაცა და შეხვედრის დაწყებიდან 43-ე წამზე საფირმო ბრუნით ბეჭებზე დაანარცხა. მეოთხედფინალში ბრიტანელი ბენჯამინ ფლეჩერის შესაბოჭად წუთი და 19 წამი იკმარა. ნახევარფინალში კი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ივან რემარენკოს წუთსა და 11 წამში შეუსრულა სუფთა გდება. ჯამში ოთხი ეტაპის დაძლევას და ფინალში გასვლას ღვინიაშვილმა 4 წუთი და 11 წამი დაახარჯა.
გადამწყვეტ ბრძოლაში კი, ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინისთან სრული საჭიდაო დრო - 5 წუთი გამოიყენა და მეტოქეს იუკოს უპირატესობით აჯობა.
100 კილოგრამში გრან პრის პირველი ოქროს მოგებით ბექა ღვინიაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ფაქტობრივად გაინაღდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
თბილისის გრან პრისგან განსხვავებით, სამსუნში ქართველი მძიმეწონოსნებიც გაცილებით ყოჩაღად გამოვიდნენ.
ლევან მატიაშვილმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა - თურქი ფეიაზ იაზიჩის, ბრაზილიელი რაფაელ სილვასა და ყირგიზი იური კრაკოვეცკის იპონ-იპონ ძლევით ფინალში გავიდა, სადაც თანამედროვე ძიუდოს სუპერვარსკვლავს - მსოფლიოს 8-გზის, ევროპის 4-გზის და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერს დაუპირისპირდა.
ფავორიტი ცხადია ფრანგი მძიმეწონოსანი იყო. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა, მაგრამ მატიაშვილისგან უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა და რომ არა რინერისადმი მსაჯების კეთილგანწყობა, ეგებ ბოლო წამებზე ორი გაფრთხილებით უკან მყოფი ქართველი მძიმეწონოსანი რისკზეც არ წასულიყო და კონტრ-ილეთზე არ წამოგებულიყო, რომელიც ვაზარიდ შეფასდა. ლევან მატიაშვილმა პირად რეიტინგს 180 ქულა შემატა.
უმძიმეს წონით კატეგორიაშივე მოჭიდავე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ადამ ოქრუაშვილისა და ტედი რინერის სატურნირო გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთდა, მაგრამ ქართველ მძიმეწონოსანს იქამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - მეოთხედფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურასთან შეხვედრაში შებოჭვაზე მოჰყვა. სამხრეთამერიკელმა ბოჭვა ოქრუაშვილის ვაზარიდ შეფასებულ გდებას მოაყოლა.
ამ ბრძოლამდე ადამ ოქრუაშვილმა ყაზახი იერჟან შინკეიევი ჩამოიშორა ვაზარით. რეპეშაჟში კი, ბრინჯაოს გზაზე ორი სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ჯერ ავსტრიელ დანიელ ალერშტორფერი შებოჭა, ხოლო შემდეგ - ყირგიზი იური კრაკოვეცკი.
დღესვე თურქულ ტატამზე საქართველოს სახელით ნოდარ ბერიანი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) და ირინე ლეონიძეც (+78 კგ) გავიდნენ, მაგრამ ტურნირს ოთხივე საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
ძიუდო
გრან პრი
სამსუნი
1-3 აპრილი
მამაკაცები
60 კგ
1 ბექირ ოზლუ (თურქეთი)
2 აჰმეტ შაჰინ კაბა (თურქთი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
3 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)
66 კგ
1 ლიმვან კიმი (სამხრეთ კორეა)
2 ალტანსუხ დოვდონი (მონღოლეთი)
3 ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი)
3 გევორგ ხაჩატრიანი (უკრაინა)
73 კგ
1 დამიან სზავარნოვიეცკი (პოლონეთი)
2 ჩოლ გვანგ კიმი (ჩრდილოეთ კორეა)
3 ნუნო სარაივა (პორტუგალია)
3 ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)
81 კგ
1 ივაილო ივანოვი (ბულგარეთი)
2 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
3 ჟოაკიმ ბოტიო (ბელგია)
3 სერგიუ ტომა (არაბ გაერთ საემირ)
7 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)
90 კგ
1 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)
2 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)
3 ტიაგო კამილო (ბრაზილია)
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
100 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
2 რაფაელ ბუზაკარინი (ბრაზილია)
3 მიკლოშ ცირიენიჩი (უნგრეთი)
3 ცოგტგერელ ხუთაგი (მონღოლეთი)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
ქალები
48 კგ
1 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)
2 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
3 ლაეტიტია პაიე (საფრანგეთი)
52 კგ
1 გულბადამ ბაბამურატოვა (თურქმენეთი)
2 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 გილი კოენი (ისრაელი)
3 დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
57 კგ
1 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)
2 ოტომნ პავია (საფრანგეთი)
3 მირიამ როპერი (გერმანია)
3 ნეკოდა სმით დევისი (ბრიტანეთი)
63 კგ
1 მარგო პინო (საფრანგეთი)
2 მარიანა სილვა (ბრაზილია)
3 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)
3 იუნქსია იანგი (ჩინეთი)
70 კგ
1 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)
2 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)
3 მარია პერესი (პუერტო რიკო)
3 ელვისმარ როდრიგესი (ვენესუელა)
78 კგ
1 მადელეინ მალონგა (საფრანგეთი)
2 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)
3 კიონგ სოლი (ჩრდილოეთ კორეა)
3 მარტა ტორტ მერინო (ესპანეთი)
+78 კგ
1 ჯიუნ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 მელისა მოჟიკა (პუერტო რიკო)
3 სვეტლანა იარომკა (უკრაინა)
3 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)