ჭიდაობა

16:23 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი და მწითური ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
ჯერჯერობით, “თავისუფლების” მონაგარი მაჭარაშვილის ბრინჯაოა

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ირაკლი მწითურიც (86 კგ.).

ბულგარულ რუსეში მიმდინარე შეჯიბრის ბოლო დღეს თავისუფალი სტილის დარჩენილი 4 წონის ფალავნები ასპარეზობენ, საქართველოს ნაკრები კი ოთხივე წონაში მედლებისათვის იბრძოლებს.

გენო პეტრიაშვილმა (125) ფინალამდე სამ მეტოქეს მოუგო ქულების აშკარა უპირატესობით, ფინელი ტაპანი ჰეინოს სამ წუთში – 11:0, ბელარუს ვიტალი პიასნიაკს 2 წუთში – 10:0 და თურქ იუნუს ემრე დედეს 3:15 წუთში – 10:0. ფინალში გენო უკრაინელ დანიკო კარტავის შეხვდება.

საფინალო გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა ირაკლი მწითურმაც (86). მან სლოვაკ მიხაელ ბოდნარს 2:51 წუთში 11:0 სძლია, ბულგარელ ეველინ რუსევს 2:20 წუთში სუფთად მოუგო, ნახევარფინალში კი დაძაბულ ორთაბრძოლაში თურქი კადირ იაზიცი 5:4 დაამარცხა. ფინალში ჩვენებურის მეტოქე რუსების მრისხანე ფალავანი 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი იქნება.

ბრინჯაოს მედლებისათვის შოთა ფარტენაძე (61) და დავით ბუზიაშვილის (70) იჭიდავებენ. ფარტენაძემ პირველ ორ შეხვედრაში იოლად სძლია რუმინელ დავიდ დობრეს და მაკედონიელი რაფიკ კამბერს, შესაბამისად, 10:0 და 12:2, ნახევარფინალში რუს იმამ აჯიევთან 1:6 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის მოლდაველ მიხაელ ესანუს შეხვდება.

ბუზიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა მომავალ ფინალისტ აზერბაიჯანელ ჰაჯიმურად ომარვთან 2:4 და სანუგეშო წრეში გადაერთო, სადაც 5:1 მოუგო მოლდაველ ნიკოლაი ჩირეაკოვს და ბრინჯაოს მედლისათვის უკრაინელ ვასილ მიხაილოვს შეხვდება.

გუშინ კი ბრინჯაოს მედალი გივი მაჭარაშვილმა (97) მოიპოვა, რომელმაც კვიპროსელი ალექსიოს კუსლიდისი 10:6 დაამარცხა. მედლამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ტარიელ გაფრინდაშვილის (74), რომელიც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელარუს რომან ჩიტაძესთან დაძაბულ შეხვედრაში 14:16 დამარცხდა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება LIVE

www.wrestling.ge

0.116167