ფეხბურთი

11:17 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაძაბული 22-ე

უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის რვა მატჩიდან მხოლოდ ერთში აღინიშნა ორბურთიანი სხვაობა, დანარჩენ მატჩებში კი ან ფრე, ან მინიმალური ანგარიში დაფიქსირდა. თბილისის “დინამო” ისევ 11-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს, რადგან რთული, მაგრამ მაინც გამარჯვება მიითვალა ბათუმში.

ჯაბა ჯიღაურის კლასიანად შესრულებულ დარტყმას, ბათუმელებმა არჩილ ტვილდიანის ცხრიანში გატანილით უპასუხეს, ბოლოს კი გიორგი გურულის მარცხნიდან დარყტყმული მეკარე მიხეილ ალავიძის ხელიდან შევარდა კარში. აშკარა შეცდომა დაუშვა ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ.

მშვენიერ ფორმაშია “სამტრედია” და ამჯერად გორში “დილასაც” მოუგო – 2:1. გია ცეცაძის გუნდი მეორე ადგილზეა და პირველ წრეშიც რომ ასე ეთამაშა, ვინ იცის, ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაძაბული ყოფილიყო.

ტურის სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია “ზუგდიდის” ნანატრი მოგება. ზუგდიდელებმა “გურიას” 3:2 აჯობეს და ჰაერივით საჭირო ქულები მიითვალეს. მართალია, ბოლო ადგილზე დარჩნენ, მაგრამ ახლა უკეთესი შანსი აქვთ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებისა.

“საბურთალომ” ბოლო 3 ტურში 7 ქულა აიღო. ეს ის სამი ტურია, რაც გუნდში ესპანელი მთავარი მწვრთნელი პაბლო ფრანკო მოვიდა. საბურთალოელებმა 3:2 აჯობეს ქობულეთის “შუქურას”. ეს ორივე გუნდი, ალბათ, ცხრილის შუაში დაასრულებს ჩემპიონატს.

მეორე წრეს კარგად ატარებს საჩხერის “ჩიხურაც”, რომელმაც ქუთაისში “ტორპედოს” 2:0 მოუგო და ორივე გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა. სოსო ფრუიძის გაწვრთნილები ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძოლებენ, მითუმეტეს, საქართველოს თასის ნახევარფინალშიც არიან გასულები.

რაც შეეხება ფრეებს, ოქმიდანაც ნახავთ: “მერანი” უგებდა “სიონს”, თუმცა ფრეს დასჯერდა. ხოლო ორ მატჩში უგოლო ფრე აღინიშნა: “ლოკომოტივი”-“საპოვნელა” და “კოლხეთი”-“ცხინვალი”.

დაძაბული თამაშები იქნება დარჩენილ რვა ტურში. ბრძოლა მიმდინარეობს როგორც ევროტურნირებზე გასასვლელად, ასევე, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად და ქულებში სიმჭიდროვეა.

დილა (გორი)-სამტრედია 1:2

გოლები: 0:1 ჯიქია (34), 0:2 რაჟამაშვილი (90), 1:2 მარცვალაძე (90+2)

დინამო (ბათუმი)-დინამო (თბილისი) 1:2

გოლები: 0:1 ჯიღაური (29), 1:1 ტვილდიანი (71), 1:2 გურული (88)

საბურთალო (თბილისი)-შუქურა (ქობულეთი) 3:2

გოლები: 1:0 ფანცულაია (29), 1:1 ურიდია (31), 2:1 ფანცულაია (59), 2:2 აფაქიძე (65), 3:2 ცაწკრიალაშვილი (69)

ზუგდიდი-გურია (ლანჩხუთი) 3:2

გოლები: 1:0 გაგოშიძე (4), 2:0 წურწუმია (37), 2:1 გამყრელიძე (39), 3:1 პაატა ჭანტურია (72) 3:2 კახელიშვილი (83)

კოლხეთი-ცხინვალი 0:0

მერანი (მარტვილი)-სიონი (ბოლნისი) 1:1

გოლები: 1:0 გიორგაძე (7), 1:1 მანჯგალაძე (62)

ლოკომოტივი (თბილისი)-საპოვნელა (თერჯოლა) 0:0

ტორპედო (ქუთაისი)-ჩიხურა (საჩხერე) 0:2

გოლები: 0:1, 0:2 ვოლკოვი (38, 57)

0.882819