ფეხბურთი

14:06 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეკობა ფეხბურთიდან გააცილეს (+VIDEO)

მონტევიდეოში ალვარო რეკობას ფეხბურთთან გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ურუგვაელი ფეხბურთელის მეგობრებმა და მილანის “ინტერის” ლეგენდებმა მიიღეს. მოედანზე გავიდნენ ხუან რომან რიკელმე, კარლოს ვალდერამა, ფრანჩესკო ტოლდო, კრისტიან ვიერი, ხავიერ ძანეტი და სხვები. თამაში მეგობრული ანგარიშით 4:4 დასრულდა.

რეკობამ სახელი სწორედ “ინტერში” თამაშით მოიხვეჭა, სადაც ის 1997 წელს “ნასიონალიდან” გადავიდა. “ბოლონიასთან” მისთვის სადებიუტო მატჩში მოედანზე ლეგენდარული ბრაზილიელის რონალდოს ნაცვლად გამოჩნდა და მას შემდეგ მილანელთა მაისურით ჩატარებულ 248 მატჩში 72 გოლი მიითვალა. 2007 წელს რეკობამ “ინტერი” დატოვა და ერთი სეზონი იჯარით “ტორინოში” გაატარა, მერე ცოტა ხნით ბერძნულ “პანიონიოსშიც” იბურთავა. 2010 წლიდან კი ურუგვაიში დაბრუნებული მშობლიურ “დანუბიოსა” და “ნასიონალში” ირჯებოდა.

კარიერის განმავლობაში ურუგვაელი შემტევი ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი. 1997-98 წლებში მოიპოვა უეფას თასი. ევროპიდან დაბრუნებულმა ორჯერ იზეიმა ურუგვაის ჩემპიონობა. ეროვნული გუნდის მაისური 69 შეხვედრაში მოირგო და 11 გოლი გაიტანა.

0.139101