კალათბურთი

11:38 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა სასტარტოში დაბრუნდა, "დალასმა" დეტროიტში იმარჯვა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, დალას მავერიკსმა კი დეტროიტში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. როგორც ტეხასურ გუნდს, ისე მიჩიგანელებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება, რომლებიც პლეი ოფში მოსახვედრად აღმოსავლეთ კონფერენციიდან იბრძვიან, თუმცა ჯეი-ჯეი ბარეას წინამძღოლობით დალასელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 98:89 იმარჯვეს.

ფაჩულიას ამ მატჩამდე 9 შეხვედრაში არ ეთამაშა სასტარტოში, დეტროიტში კი ის თავიდანვე გამოჩნდა მოედანზე და 22 წუთი ითამაშა. მასზე მეტი - 24 წუთი დაჰყო მოედანზე სათადარიგო ცენტრმა - სალაჰ მეჯრიმ, თუმცა ქართველი კალათბურთელი გაცილებით შედეგიანად გაისარჯა და გამარჯვებაშიც სოლიდური წვლილი დაიდო.

ფაჩულიამ ამ მატჩში ნასროლი ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 4 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. ამას ზაზამ დალასელთაგან უმეტესი - 11 მოხსნა და 3 პასი შემატა. მეჯრიმ კი თავი 6 ქულას, 7 მოხსნას და 2 დაფარებას მოუყარა. დალასელთა ლიდერის ფუნქცია დერონ უილიამსის არყოფნაში გაპირველკაცებულმა ჯეი-ჯეი ბარეამ ითავა, რომელსაც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ქალიშვილი შეეძინა და ეს სალაღობო ამბავი 29 ქულითა და დეტროიტში პრინციპული გამარჯვებით აღნიშნა.

ამ გამარჯვებით დალასელებმა მოგებ-წაგებები 38-ზე გაითანაბრეს და ცხრილის მე-7 ადგილზე ასეთივე შედეგის მქონე იუტა ჯაზს გაუთანაბრდნენ. მე-9 ადგილზე მყოფი ჰიუსტონი დალას-იუტას დუეტს 2 მოგებით ჩამორჩება. მომდევნო მატჩი დალასს 3 აპრილს მინეაპოლისში ტიმბერვულვზთან ელის.

www.gbf.ge

0.117304