დღეს საქართველოს დროით 22:30 საათზე საფეხბურთო სამყაროს ყურადღება “ნოუ კამპისკენ” იქნება მიმართული, სადაც ადგილობრივი “ბარსელონა” მოსისხლე მტერს მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
სატურნინო მდგომარეობის მიხედვით შეხვედრას დაძაბული ნაკლებად ეთქმის, რადგან “ბარსელონა” 10 ქულით უსწრებს მეტოქეს, მაგრამ ეს არის დაპირისპირება, რომელშიც არ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ ფორმაშია, რომელ ადგილზეა და რამდენი ქულაა სხვაობა. “ელ კლასიკოს” ყველა სხვა მატჩისგან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და ამ დუელში გამარჯვების ფასი ყოველთვის უდიდესია...
მოახლოებულ მატჩს მასპინძლები ბრწყინვალე ფორმაში ხვდებიან. კატალონიელებმა ბოლოს ნოემბრის დასაწყისში წააგეს და მას შემდეგ უკვე 40 მატჩია დაუმარცხებლები არიან. გასულ ტურში “ბლაუგრანამ” “ვილიარეალთან” შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობა ვერ შეინარჩუნა და ქულები დაკარგა, თუმცა “ატლეტიკომ” საერთოდ წააგო და მე-2 ადგილოსანთან სხვაობა პირიქით გაიზარდა (9 ქულამდე).
“ბარსელონა” იოჰან კრუიფის გარდაცვალების შემდეგ პირველ შეხვედრას გამართავს და თან “რეალის” წინააღმდეგ, რაც მასპინძელთათვის მოტივაციის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. დღევანდელ მატჩში “ბარსელონას” მაისურზე შემდეგი წარწერა ექნება: Gracies Johan! (მადლობა იოჰან). აღნიშნული ფრაზა იქნება ასევე მოზაიკაზე, რომელსაც “ბარსელონას” ფანები შეხვედრის დაწყების წინ ქაღალდით შეასრულებენ.
კარიერაში 499 გოლი დაუგროვდა ლიონელ მესის და დღეს არგენტინელი ყველანაირად ეცდება, რომ საიუბილეო მე-500 გოლი სწორედ პრინციპული მეტოქის კარში გაიტანოს.
მასპინძლებს ტრავმების გამო ჟერემი მატიე, სანდრო რამირესი და ადრიანი არ ეყოლებათ, ხოლო ხორდი ალბას თამაში საეჭვოა.
“ატლეტიკოსთან” საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ “რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, თანაქალაქელთან სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თუ სურს, რომ დიეგო სიმეონეს კრებული კვლავ არ გაექცეს, დღეს აუცილებლად მოგებაზე უნდა ითამაშოს.
მწვრთნელის რანგში პირველ “ელ კლასიკოს” გამართავს ზინედინ ზიდანი, რომლის გაწვრთნილ “რეალს” უჭირს საგარეო მატჩებში მოგება და უმეტეს შემთხვევაში ამას ძალიან მძიმედ აკეთებს.
როგორც იცით, პირველ წრეში “რეალი” საკუთარ მოედანზე 0:4 განადგურდა და მადრიდელები ყველანაირად ეცდებიან რევანშის აღებას. ამაში “სამეფო კლუბს” რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარება, სერხიო რამოსის თამაში საეჭვოა, ხოლო მატეო კოვაჩიჩი და ალვარო არბელოა ზიდანმა დატოვა განაცხადს მიღმა.
შეხვედრის მთავარი მსაჯი 33 წლის კანარელი არბიტრი ალეხანდრო ერნანდესი იქნება, რომელიც ლა ლიგაში 2012 წლიდან მსაჯობს, ხოლო 2014 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.
22:30 ბარსელონა – რეალი
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, პეპე, დანილო, მარსელო, კასემირო, მოდრიჩი, კროოსი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
დღის სხვა მატჩები:
18:00 ატლეტიკო – ბეტისი
20:15 ლას პალმასი – ვალენსია
00:05 სელტა - დეპორტივო