კალათბურთი

1:30 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 20 ქულა და გამარჯვება “ბარსელონასთან”

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში მორიგი მატჩი მოიგო, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო. “ბარსელონა II”-თან შეხვედრაში (76:71) ბექამ 20 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ მე-3 მეოთხედის მიწურულისკენ მასპინძლები 13 ქულით ჩამორჩნენ, თუმცა, დაჩენილ დროში კატალონიელებზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც იზეიმეს.

ბექა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ყველაზე მეტი – 30:08 წუთი გაატარა, თანაც მე-2 ტაიმში შეუცვლელად ითამაშა. მან 11-დან 8 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საინტერესოა, რომ ბარსელონელთა რიგებში ორმა საკმაოდ ცნობილმა კალათბურთელმა ითამაშა. სლოვენიის ნაკრების ოდინდელმა ლიდერმა იაკა ლაკოვიჩმა 15:04 წუთში 5 ქულა მოაგროვა, ჩეხეთის ეროვნული გუნდის წევრმა ლუკაშ ბარტონმა კი 19:15 წუთში ყველა სროლა ააცილა და უქულოდ დარჩა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “ლეიმა ბასკეტ კორუნა” 16 მოგებით და 12 მარცხით მე-4 ადგილზე დამკვიდრდა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, სტუმრად, აუტსაიდერი “პლანასა ნავარას” წინააღმდეგ ჩაატარებს, ამდენად, წარმატებული სერიის გაგრძელების კარგი შანსი აქვს.

0.11849