ავტოსპორტი

16:00 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერთადერთი ცდით მე-7 დრო

ბაჰრეინში სტარტი აიღო TCR-ის საერთაშორისო სერიის 2016 წლის სეზონმა, რომელშიც დათა ქაჯაია გერმანული „ენგსტლერ მოტორსპორტის“ „ფოლკსვაგენ გოლფით“ ასპარეზობს. დღეს უკვე გაიმართა პირველი, 25-წუთიან თავისუფალი პრაქტიკის სესია. ეს პირველი რბოლა იყო, რომელიც სახირის ტრეკზე, ამ სარბოლო უქმეებზე გაიმართა, რის გამოც, პილოტებს საკმაოდ ხშირად მოსდიოდათ შეცდომები.

პირველებმა მეტნაკლებად კარგი დროები, უნგრულ გუნდ „B3 რეისინგის“ (სეატ ლრონი) პილოტებმა, მატ’ო ჰომოლამ და დუშან ბორკოვიჩმა დააფიქსირეს, რომლებთან ერთადაც, დათა გასულ სეზონში ETCC-ზე ასპარეზობდა. სესიის მე-15 წუთზე, ფ1-ის ყოფილმა მრბოლმა ჯანი მორბიდელიმ (ჰონდა სივიკი) პირველმა შეძლო წუთსა და 14 წამზე ნაკლების (1:13.905) ჩვენება. მალე კი ტრასაზე ხორდი ორიოლას „ოპელ ასტრა“ გაჩერდა, რის გამოც, ტრასაზე ცოტა ხნით წითელი დროშები გამოფინეს. ესპანელმა მალე შეძლო დაძვრა, თუმცა მხოლოდ ნელი ტემპით, რათა ბოქსებში დაბრუნებულიყო.

სესია რომ განახლდა, ფინიშამდე მხოლოდ 4 წუთი იყო დარჩენილი და ბევრმა, მათ შორის ქაჯაიამ, სწრაფი წრის გავლა ვეღარ მოასწრო. ფინიშამდე პეპე ორიოლამ (სეატ ლეონი) 2:13.018 დააფიქსირა, მორბიდელიმ თავისი დრო გააუმჯობესა (2:13.482) და უკან მოიტოვა თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელი აკუ პელინენი (2:13.824). ამ ლატარეაში მეშვიდე დროს (2:14.602) დასჯერდა ქაჯაია, რომელმაც მთელი სესიის დროს, მხოლოდ ერთი სწრაფი წრის გავლა მოასწრო. თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საუკეთესო ყოფილიყო „ფოლკსვაგენ გოლფით“ მოასპარეზეთა შორის. მხოლოდ მე-13 დრო ჰქონდა სერიის მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინის (ფოლკსვაგენ გოლფი).

„მხოლოდ ერთი სწრაფი წრის გავლა მოვახერხე, რომელიც არც ისე ცუდი იყო, მაგრამ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. მანქანას არასაკმარისი მოხვევადობა ჰქონდა და ტრასაც შესასწავლი მაქვს“, - სესიის შემდეგ განაცხადა დათამ.

მეორე თავისუფალი პრაქტიკა, ჩვენ დროით 17:50-ზე იწყება და ისევ 25 წუთს გასტანს.

0.090787