კალათბურთი

1:30 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” სერბები შოკში ჩააგდო

ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლოსწინა მე-13 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” ესტუმრა და “კომბანკ არენაზე” შეკრებილი 18 278 (!) მაყურებლის შოკში ჩაგდება მოახერხა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ სტამბოლურ კლუბს გამარჯვება სატურნირო თვალსაზრისით არაფერს აძლევდა, სერბებს კი პლეი ოფში გასვლისთვის უცილობლად მოგებისთვის უნდა ებრძოლათ, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს.

სტუმართა აღმასვლა მე-3 მეოთხედში დაიწყო, როდესაც ისინი 43:48 ჩამორჩნენ, თუმცა, მომდევნო რამდენიმეწუთიანი მონაკვეთი 16:1 (!) მოიგეს და მასპინძლები ახლოს აღარც მიუშვიათ - 61:80.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე გატარებულ 19:49 წუთში გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 5 ქულას თითო პასი-ჩაჭრაც წაამატა. ისიც ვთქვათ, რომ მანუჩარმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

“დარუშაფაკას” რიგებში საუკეთესონი ამერიკელი ლეგიონერები სკოტი ვილბეკინი და ჯეიმონ გორდონი იყვნენ, შესაბამისად, 19 და 14 ქულით. კარგად გაისარჯა ჩერნოგორიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მილკო ბიელიცაც – 13 ქულა, 6 მოხსნა.

თურქული კლუბი 4 მოგებით და 9 მარცხით E ჯგუფში მე-6 პოზიციაზეა და მეოთხეადგილოსან “ანადოლუ ეფესს” 2 გამარჯვებით ჩამორჩება, ამდენად, პლეი ოფისთვის ვერანაირად ვეღარ გაიბრძოლებს. “დარუშაფაკა” დასკვნით შეხვედრას 8 აპრილს, შინ, ყუბანის “ლოკომოტივთან” ჩაატარებს.

0.110296