რაგბი

0:06 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე: „უძლიერეს გუნდებთან თამაშის გარეშე, ვეღარ გავიზრდებით“

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ფიქრობს, რომ „ვუსტერ უორიორსში“ მისი თანაგუნდელი და კონკურენტი ნაილ ენთენი ირლანდიის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს.

24 წლის „ოლსტერის“ ყოფილი მორაგბე, 2011 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ეროვნულ გუნდში ჯერ არავინ ეძახის.

„ნაილი ძალიან კარგი კვაჭია. მას კარგი ხელი აქვს და ძლიერად დგას შერკინებაში. ასევე, ტექნიკური მოთამაშეა და ვიმედოვნებ, სულ მალე ირლანდიის ნაკრებში ვიხილავ“ - ამბობს ბრეგვაძე თანაგუნდელზე.

კლუბის ოფიციალური საიტი საქართველოს ეროვნული ნაკრების განვლილი თამაშებითაც დაინტერესდა. 28 წლის ბრეგვაძემ შეცვლაზე ითამაშა სოჭში რუსეთთან, ხოლო რუმინეთთან 38:9 მოგებულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდს ბოლო 9 წლის განმავლობაში ტიტულის მერვედ მოპოვებაში დაეხმარა.

„განსაკუთრებით კარგად დასკვნითი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც თბილისში 52 ათასი მაყურებელი დაესწრო. ბოლო დროს გულშემატკივრების რაოდენობა მკვეთრად მატულობს და საქართველოში რაგბი ნომერი პირველი სპორტი ხდება.

რუსეთის წინააღმდეგ შეცვლაზე შევედი, სინ-ბინით დავისაჯე და დიდხანს თამაშმა არ მომოწია. რუმინეთთან კარგად ვითამაშე, სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი და მოედანზე 55 წუთი გავატარე“ - უყვება ბრეგვაძე კლუბის პრეს-სამსახურს და რა თქმა უნდა, ექვსი ერის ხსენების გარეშე ვერც ამ საუბარმა ჩაიარა:

„კარგი იქნება ექვს ერში თამაში, რადგან ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით. პროგრესი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება თუ ევროპის უძლიერეს გუნდებს შევხვდებით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აღზევება მოხდება. ერთა თასი „დიდი სლემით“ მეცხრედ მოვიგეთ და ამ ტურნირში მოგება ჩვენთვის უკვე ძალიან იოლი გახდა. რუმინეთთან და რუსეთთან მძიმე ჯახები გვაქვს, მაგრამ უმეტესად მორკინალების ბრძოლაა, დინამიკა კი, ინგლისის პრემიერშიპის თამაშების დინამიკასთან ახლოსაც ვერ მივა“.

ბრეგვაძე კლუბს შემოდგომაზე, მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ შეუერთდა, პრემიერშიპის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და „ნიუკასლთან“ 15:14 მოგებულ მატჩში შეუცვლელად გაისარჯა:

„გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გამივლია, მაგრამ მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მათ უდიდესი დახმარება გამიწიეს და გუნდში ინტეგრირება გამიადვილდა. აქ თავს კომფორტულად და ბედნიერად ვგრძნობ“ - ამბობს ბრეგვაძე.

www.worldrugby.ge

0.11642